თუ საზღვაო დასვენება გსურთ, აუცილებლად უნდა აირჩიოთ თურქეთი. აქ ბევრი ტურისტული ადგილია, რომლებიც ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვების სანაპიროებზე მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ თურქეთში „საზღვაო“ სეზონი იწყება მაისში და გრძელდება ოქტომბრის თვემდე. ახლა კი ჩამოგითვლით თურქეთის იმ ულამაზეს ადგილებს, სადაც დასვენებაზე უარი არანაირად არ უნდა თქვათ.

ბოდრუმი
ბოდრუმი არის ერთ-ერთი პოპულარული ზღვისპირა ტურისტული ქალაქი თურქეთში, რომელიც ვიზიტორებს საუკეთესო საზღვაო დასვენებას ჰპირდება. თქვენ აქ შეძლებთ დაისვენოთ მდიდრულად და განიცადოთ სრული რელაქსაცია ზღვაზე. გაატარეთ დრო თეთრქვიშიან სანაპიროებზე, აუზებზე, მიიღეთ თერაპიული აბაზანები სპა ცენტრებში და ისიამოვნეთ იქაურობით. აქ ნავით ტურისტები ძალიან ხშირად ნახულობენ „ცისფერ მღვიმეს“, ყურეებსა და სხვადასხვა კუნძულს. უნდა აღვნიშნოთ, რომ „ცისფერი მღვიმე“ განსაკუთრებული ადგილია, რასაც მღვიმის შიგნით არსებული ლურჯი და ღრმა წყალი განაპირობებს. ეს კი საოცარ სანახაობას ქმნის მზის შუქზე.

დატჩას ნახევარკუნძული – სამოთხე დედამიწაზე
ჩვენს ლურჯ საკრუიზო მარშრუტზე შემდეგი პორტებია გოკოვა, დატჩა და მარმარისი. ბოდრუმსა და დატჩას ნახევარკუნძულებს შორის გადაჭიმულ გოკოვას ყურეს ხშირად სტუმრობენ „ლურჯი“ კრუიზის მოყვარულები. ადმინისტრაციულად გოკოვას ყურის სანაპირო ზოლი მოიცავს ბოდრუმის, მილასის, მუღლას, ულას, მარმარისისა და დატჩას ოლქებს. თავისი ბრწყინვალე ზღვითა და ულამაზესი ბუნებით დატჩა საკმაოდ პოპულარულია დამსვენებლებში. იგი გარშემორტყმულია ზღვითა და შესანიშნავი ყურეებით. არაჩვეულებრივი ბუნება აქვს ქალაქ კნიდოსს, რომელიც აყვავებული მცენარეებით არის დაფარული. მარმარისი კი თურქეთის ულამაზესი კურორტია, სადაც მრავალ დასასვენებელ ადგილს ნახავთ. იგი ხმელთაშუა და ეგეოსის ზღვის კვეთაზე მდებარეობს. აქ ასევე თქვენ შეგიძლიათ სხვადასხვა ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის ადგილები მოინახულოთ, როგორიცაა მაგალითად მარმარისის ციხე, ფისკოსი და სხვ.
გოჩეკი
გოჩეკი არის მომხიბვლავი პატარა საკურორტო ქალაქი, რომელსაც ზოგჯერ „თურქეთის მონაკოსაც“ უწოდებენ. ეს არის პატარა და სასიამოვნო საპორტო ქალაქი ბევრი იახტით. გოჩეკში ლურჯი და მწვანე ფერები „ერწყმის“ ერთმანეთს და იგი ძალიან პოპულარული ადგილია საზღვაო ტურიზმის მიმართულებით. კურორტი სტუმრებს სთავაზობს მოინახულონ ულამაზესი ყურეები, პატარა, თუმცა ძალიან საინტერესო ისტორიის მქონე კუნძულები და სხვ.

კაშიდან კეკოვამდე
კაში ერთ-ერთი მომხიბლავი და პოპულარული ტურისტული ადგილია თურქეთში, რომელიც ხმელთაშუაზღვის სანაპიროზე მდებარეობს. აქ არის სხვადასხვა კულტურული შენობა, ძველი ისტორიული ქუჩები, სადაც მრავლად ნახავთ ხის აივნებს. აქ გაქვთ დაივინგის უნიკალური შესაძლებლობა, რომლის მეშვეობითაც თქვენ შეძლებთ შეისწავლოთ წყალქვეშა სამყარო. ნახოთ ზღვის კუები და წყლის სხვა საინტერესო ბინადრები. კაშში წყალი ძალიან სუფთა და ხელშეუხებელია, სწორედ ეს განაპირობებს მის უნიკალურობას. აღსანიშნავია კეკოვას კუნძული, რომელიც გარშემორტყმულია ისტორიული ნანგრევებით. კეკოვას რეგიონი 1990 წლის 18 იანვარს თურქეთის გარემოს დაცვის სამინისტრომ სპეციალურ დაცულ ზონად გამოაცხადა. კუნძულზე ყველა სახის დაივინგი და ცურვა აკრძალული იყო და იგი სამთავრობო უწყებების სპეციალურ ნებართვას ექვემდებარებოდა. შემდგომ წლებში კი ეს აკრძალვა მოიხსნა და დღეს მას უკვე აქტიურად სტუმრობენ ტურისტები.