მას შემდეგ რაც შეზღუდვები მოიხსნება და ავიაკომპანიები რეგულარულ რეისებს განაახლებენ, მათ დასჭირდებათ მგზავრის დარწმუნება. “ანუ მგზავრს უნდა გაუქრონ იმის შიში, რომ მოგზაურობა შეძლონ. შიშის გაქრობის ერთ-ერთი სერიოზული ბერკეტი არის დაბალი ტარიფი”, აღნიშნულის შესახებ განცხადებას,  გადაცემა “კორონამიქსთან” საუბარში, საბერძნეთის, კალამატას საერთაშორისო აეროპორტის ავიაციის განვითარების დეპარტამენტის უფროსი დეა მაჭავარიანი აკეთებს. მაჭავარიანი დარწმუნებულია, რომ ავიაკომპანიები 2020 წლის განმავლობაში ავიაბილეთის ფასს არ გაზრდიან.

“არის ორი რეალობა რასთანაც გვიწევს ურთიერთობა. თუ რა ზომების დაცვა მოგიწევს აეროპორტებში მგზავრთა უსაფრთხოების დასაცავად ასევე არის მეორე რეალობა, რომელსაც თავად ავიაკომპანიებისგან ვისმენთ: ავიაკომპანიებს უწევთ ზრუნვა იმაზე, რომ შეინარჩუნონ დარჩენილი მგზავრთნაკადი, ანუ ის მგზავრთნაკადი, რომელიც მათ შესაძლოა 2020 წელს ჰყავდეთ. ამ მგზავრთნაკადის შესანარჩუნებლად კი ავიაკომპანიებს სჭირდებათ მგზავრის დარწმუნება. ანუ მგზავრს უნდა გაუქრონ იმის შიში, რომ მოგზაურობა შეძლონ. შიშის გაქრობის ერთ-ერთი სერიოზული ბერკეტი არის დაბალი ტარიფი. ანუ თუ ბილეთი იქნება იმდენად დაბალ ფასში, რომ მგზავრს უღირს გარისკვა, ის იმოგზაურებს. ამის გარდა არს სხვა მომენტიც. როდესაც მგზავრი მიდის სამოგზაუროდ მას უნდა დახვდეს მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა ანუ რესტორნები, ბარები, არქეოლოგიური სივრცეები, მოწყობილი სანაპიროები და სხვა. დამეთანხმებით ალბათ, რომ პირბადით და ხელთათმანით სანაპიროზე გარუჯვას ისევ სახლში ჯდომა სჯობს”, აცხადებს მაჭავარიანი.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ავიაკომპანიებს საკუთარი ფლოტი გაჩერებული ჰყავთ, მათი ხარჯი მაინც მაღალია და რაც უფრო ადრე განაახლებს ავიაკომპანია ოპერირებს, მით უფრო მალე შემცირდება მისი ხარჯი.

დეა მაჭავარიანი ამბობს, რომ ავიაკომპანიები კორონამდე არსებულ ტარიფებს, ეპიდემიის შემდეგაც შეინარჩუნებენ და არ მოხდება ტარიფის გაორმაგება ან გასამმაგება, მით უმეტეს, რომ კომპანიებმა არსებული ტარიფებით 2021 წლის სეზონისთვის ბილეთების რეალიზაცია უკვე დაიწყეს.

ის ასევე დარწმუნებულია, რომ საქართველო მოახერხებს და 2023 წლამდე და უფრო ადრეც, შეძლებს კრიზისამდე არსებული მაჩვენებლებს დაუბრუნდეს.