ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე საქართველოს საავიაციო ბაზარზე 6 ახალი კომპანია შემოვიდა და არსებულ მიმართულებებს 17 ახალი მიმართულება დაემატა. როგორც სამოქალაქო ავიაციის სააგენტო დირექტორის მოადგილემ ალექსანდრე გაჩეჩლაძემ “საქმიანი დილის” რუბრიკაში “საუბრები ავიაციაზე” განაცხადა, პანდემიის ფონზე ზაფხულის სანავიგაციო სეზონის პერიოდში 98%-ითაა აღდგენილი ავიაკომპანიების რაოდენობა, ხოლო 91%-ით კი მიმართულებების რაოდენობა.
“2021 წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონი ეს იყო პირველი სეზონი როდესაც ესეთი მასშტაბით მოხდა ფრენების აღდგენა პანდემიის შემდეგ. ამა წლის ზაფხულში თითქმის ყველა ავიაკომპანია დაუბრუნდა საქართველოს, რომლებიც პანდემიამდე ოპერირებდნენ. მართალია შემცირებული სიხშირეებით და შედარებით ნაკლები დატვირთვით, მაგრამ აქაც იყო გამონაკლისები. ზოგიერთი ავიაკომპანია იმაზე მეტი სიხშირით ოპერირებდა მიმდინარე წლის ზაფხულში ვიდრე ამას პანდემიამდე აკეთებდა, მაგალითად ავიაკომპანია Flynas-ი. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მიუხედავად პანდემიისა მიმდინარე წლის ზაფხულში 6 ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო საქართველოში ფრენები, ესენია Eurowings, Bees Airline, Air Arabia Abu Dabi, Middle East Airlines, Air Manas, FlyArystan.
გარდა ამისა 17 ახალი მიმართულებით ხორციელდებოდა ფრენები. გვაქვს 6 ახალი მიმართულება ყაზახეთიდან, მათ შორის ერთი ბათუმში და 5 ქუთაისში. ასევე გვაქვს 3 ახალი მიმართულება უკრაინიდან. გვაქვს 2 ახალი მიმართულება გერმანიიდან, ასევე გვაქვს ახალი მიმართულებები საუდის არაბეთიდან, არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან, ბელორუსიდან, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი პანდემიის პირობებში.
ყოველივე ამან კი გავლენა იქონია აღდგენის დინამიკაზე. თუ შევაჯამებთ ზაფხულის სანავიგაციო პერიოდის პიკურ პერიოდს აღდგენის დინამიკა გამოიყურება შემდეგნაირად: 98%-ითაა აღდგენილი ავიაკომპანიების რაოდენობა, 91%-ითაა აღდგენილი მიმართულებების რაოდენობა, 81%-ით აღდგა ფრენის სიხშირეებისა და 72%-ით აღდგა იმ ქვეყნების რაოდენობა რომელთანაც საქართველოს პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა აქავს”, განაცხადა ალექსანდრე გაჩეჩილაძემ.