თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში დიჯიტალიზაციის მაჩვენებელი გაიზრდება. როგორც „საქმიან დილაში“ სტუმრობისას  აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა ალპერ ერსოიმ განმარტა, კომპანიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მგზავრებისთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნაა.

„ჩვენ აქტიურად ვაკვირდებით მგზავრთა ქცევას, რომელიც პანდემიის ფონზე მნიშვნელოვნად შეიცვალა და ამის გამო ჩვენ გვიწევს მგზავრთა რეგისტრაციის, საზღვრის კვეთის და ჩასხდომის პროცედურების ცვლილება, რაც გულისხმობს პროცესების ღრმა დიჯიტალიზაციას. ამ ცვლილებების ფარგლებში მოხდება უკონტაქტო სისტემებზე გადასვლა და სხვა ტექნოლოგიების გამოყენება, მათ შორის თბილისის და ბათუმის აეროპორტებში და ამ საკითხზე აქტიურად მუშაობს ჰოლდინგში შემავალი სპეციალიზირებული კომპანია.

კარგად მოგეხსენებათ, რომ პანდემიის გამო სერიოზული ზარალი მიადგა ავიაკომპანიებს, ამიტომ 2019 წლის ნიშნულის სწრაფი მისაღწევად და მგზავრთნაკადის მატებისთვის ჩვენ აქტიურად ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ავიაკომპანიებთან, რათა შევქმნათ მათთვის ხელსაყრელი პირობები. მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმ ავიაკომპანიებთან რომლებიც პანდემიამდე დაფრინავდნენ, რათა მათ გაზარდონ ფრენების სიხშირეები. ჰოლდინგის მარკეტინიგის გუნდის ჩართულობით ყოველდღიურ რეჟიმში ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ახალ ავიაკომპანიებთან, რომ დავაინტერესოთ ისინი და შემოვიდნენ საქართველოს საავიაციო ბაზარზე. ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ სწრაფად გაიზრდება მგზავრთნაკადი და რაც მთავარია მგზავრებს დახვდებათ აბსოლუტურად უსაფრთხო და კომფორტული გარემო ჩვენს ყველა აეროპორტებში“, აცხადებს ალპერ ერსოი.