15-17 ივნისს, პარიზში საავიაციო სფეროში ყველაზე პრესტიჟული და მასშტაბური გამოფენა Passenger Terminal Expo იმართება. ფორუმში მონაწილეობას მსოფლიოს წამყვანი აეროპორტების, ავიაკომპანიებისა და საავიაციო სფეროში ჩართული კომპანიების 2000-მდე ხელმძღვანელი იღებს. 19000კვ.მ-ზე მოწყობილ საგამოფენო სივრცეში დელეგატებს საშუალება ექნებათ გაეცნონ უახლეს სააეროპორტო ტექნოლოგიებს, მომსახურების სფეროში ინოვაციურ პროდუქტებს, არქიტექტურულ და სამშენებლო სერვისებსა და ა.შ
წლევანდელი Passenger Terminal Expo-ს მასპინძელი და მთავარი ორგანიზატორი TAV Airports-ის მთავარი აქციონერი Groupe ADP (Aeroport De Paris)-ია. წლევანდელი ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი თემები საავიაციო სფეროში პოსტ-პანდემიური გამოწვევებია, ინდუსტრიის დეკარბონიზაცია და საარეპორტო ბიზნესში ახალი ტექნოლოგიების დანერგვაა. ღონისძიების ფარგლებში დელეგატებს სიტყვით TAV Airports-ისა და Aeroport Deparis-ის პრეზიდენტები მიმართავენ. ფორუმში მონაწილეობას თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ც იღებს.
“საავიაციო სფერო ნელ-ნელა პანდემიამდელ ნიშნულებს უბრუნდება, თუმცა ინდუსტრიაში კვლავ რჩება ეკონომიკური, სოციალური და უსაფრთხოების სფეროში არსებული გამოწვევები. მსგავსი ღონისძიებების მიზანია გამოცდილება გავუზიაროთ სხვა აეროპორტებს, სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე გავაუმჯობესოთ ჩვენი აეროპორტების მომსახურების ხარისხი და დავამკვიდროთ მგზავრზე მორგებული სერვისის უმაღლესი სტანდარტი. მიღებული ინფორმაციისა შედეგად კი, დავაჩქარებთ პანდემიამდე ციფრების დაბრუნებასა და არსებული გამოწვევების უმოკლეს დროში გადაჭრას. გამოფენაში მონაწილეობას იღებენ არქიტექტული და სამშენებლო კომპანიებიც, მათ მიერ განხორციელებული წარმატებული პროექტები საშუალებას მოგვცემს, სამომავლოდ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ინფრასტრუქტურული განვითარებისთვის სწორი კონცეფტები შევიმუშავოთ”, განაცხადა TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ.
უმაღლესი დონის სააეროპორტო კონფერენცია Passenger Terminal Expo 1998 წელს დაფუძნდა. გამოფენას ყოველწლიურად 130 ქვეყნის 2000-მდე დელეგატი ესწრება. სამი დღის განმავლობაში მონაწილეებს საშუალება ეძლევათ მსოფლიოში წამყვანი საავიაციო ბიზნესის ხელმძღვანელების პრეზენტაციებს, მათ ხედვებსა და გამოცდილებას გაეცნონ.