თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ტაქსების სერვისის ექსკლუზიურად გაწევის თაობაზე ინტერესთა გამოხატვას აცხადებს. პირობების მიხედვით, კომპანიის საავტომობილო საშუალებები, რომელიც გამოცხადებულ ინტერესთა გამოხატვაში გაიმარჯვებს, უნდა იყოს ახალი, თანამედროვე, კომფორტული, სუფთა, ტექნიკურად გამართული და უზრუნველყონ მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანა. ავტომობილები აღჭურვილი უნდა იყოს ტაქსომეტრით.
გამარჯვებულმა ოპერატორმა აეროპორტის ტერიტორიაზე უზრუნველყოფილი უნდა იყოს არანაკლებ 30 ავტომობილის განთავსება, მათ შორის მოფრენის ტერმინალის წინ არანაკლებ 10 ავტომობილისა, ხოლო დანარჩენი სპეციალურად გამოყოფილ სადგომზე; ავტომობილები უნდა იყოს ერთი ფერის, მათზე დატანილი კომპანიის ლოგოთი და წარწერით ,,აეროპორტის ტაქსი“.
ავტომობილების საბარგული გათვალისწინებული უნდა იყოს დიდგაბარიტიანი ბარგისათვის, მაგ. 3 ერთეული 30 კგ.-იანი ზომის ჩემოდნის ან ჯამურად ანალოგიური ზომის ბარგისათვის. მგზავრის მოთხოვნის შემთხვევაში, ავტომობილი აღჭურვილი უნდა იქნას მცირეწლოვანი ბავშვის სავარძლით.
ავტომობილებში უნდა იყოს, როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ისე ბანკის ტერმინალით ანაზღაურების შესაძლებლობა. მგზავრის მხრიდან ანგარიშსწორების განხორციელების შემდეგ მძღოლმა უნდა გასცეს გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. მძღოლები უნდა იყვნენ შემოსილნი უნიფორმით, მათ შორის ჰალსტუხით. ისინი უნდა იყვნენ პროფესიონალი, ყურადღებიანი, მოწესრიგებული, მგზავრზე ორიენტირებული; ზოგადი მოთხოვნები:
• უზრუნველყოფილი უნდა იყოს აეროპორტის შენობაში კომპანიის ერთი პასუხისმგებელი პირის მუდმივად ყოფნა;
• მგზავრის გადაყვანა აეროპორტიდან ქალაქის მიმართულებით უნდა მოხდეს წინასწარ დადგენილი ფიქსირებული ტარიფებით (ქალაქის ცენტრამდე და სხვა უბნებში) ან ტაქსომეტრით;
• მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფილ უნდა იყოს მგზავრთა მომსახურება ე.წ. „შატლ სერვისით“.
დაინტერესებულმა სუბიექტებმა ინტერესთა გამოხატვაში მონაწილეობისავის შესაბამისი დოკუმენტაცია 16 აგვისტოს 17:00 საათამდე უნდა წარადგინონ.
განაცხადების განხილვის მომდევნო ეტაპზე, განაცხადების განხილვის შედეგად შეირჩევა მხოლოდ ერთი კომპანია, რომელთანაც გაფორმდება სათანადო ხელშეკრულება.