თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სწავლება „თბილისი – 2023“ გაიმართა. სწავლება წარიმართა მოდელირებული სცენარით, რომლითაც გათვალისწინებული იყო მოულოდნელი საავიაციო შემთხვევა აეროდრომზე, კერძოდ – დაღვრილი საავიაციო საწვავის ხანძარი.
სწავლებაში მონაწილეობდნენ „ტავ ურბან საქართველოს“ საავარიო-სამაშველო ცენტრის წევრები – თბილისის საერთაშორისო აეროპორტის სახანძრო-სამაშველო სამსახური, აეროდრომის სამსახური, მიწისზედა მომსახურების სამსახური, მგზავრთა გადაყვანის სამსახური, ფრენების ოპერირების სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საავიაციო უშიშროების სამმართველოს თბილისის განყოფილება, დავით ტატიშვილის სამედიცინო ცენტრი.
თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში სწავლება რეგულარულად ტარდება. სწავლების მიზანია საგანგებო შემთხვევებზე რეაგირების ეფექტურობის ამაღლება.
“ტავ ჯორჯიას” შესახებ
“ტავ ჯორჯია” ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის შედეგად, „ტავ ჯორჯია“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიას წარმოადგენს. დღეისათვის „ტავ ჯორჯიაში“ დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.