თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ელექტრომომარაგების ხარისხის და საიმედოობის გაუმჯობესების მიზნით სს „თელასმა“ ახალი 35 კვ საკაბელო ელექტროგადამცემი ხაზი ექსპლუატაციაში გაუშვა.

საკაბელო ხაზის ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონიას საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავჯდომარე დავით ნარმანია, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“-ს მმართველთა საბჭოს თავჯდომარე უჩა უჩანეიშვილი და სს „თელასი“-ს გენერალური დირექტორი სერგეი კობცევი დაესწრნენ.

პროექტის ფარგლებში, მაღალი ძაბვის ქვესადგურიდან „ნავთლუღი-220“ ქვესადგურამდე „აეროპორტი“ მოეწყო 8,3 კილომეტრიანი ახალი საკაბელო ხაზი. ასევე, ქვესადგურში „აეროპორტი“ დამონტაჟდა დენის და ძაბვის ტრანსფორმატორები, ახალი ვაკუუმური ამომრთველები და თანამედროვე ტიპის გამთიშველები.

პროექტის განხორციელება სს „თელასმა“ საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2018 წლის 23 აგვისტოს №66/18 გადაწყვეტილების საფუძველზე დაიწყო. საპროექტო სამუშაოები 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის აპრილამდე გაგრძელდა. სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოები კი 2019 წლის აპრილში დაიწყო და სექტემბრის თვეში დასრულდა, ხოლო დეკემბერში საკაბელო ხაზი ქვესადგურს „ნავთლუღი-220“ მიუერთდა.

„ზემოაღნიშნული სამუშაოების ჩატარების შედეგად, საგრძნობლად გაიზრდება ენერგომომარაგების საიმედოობა ისეთი მნიშვნელოვანი სტრატეგიული ობიექტის, როგორიც არის თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. სს „თელასი“ მომავალშიც განაგრძობს ისეთი პროექტების განხორციელებას, რომლებიც მიმართულია დედაქალაქის ელექტროქსელის მუშაობის ეფექტიანობის და საიმედოობის ამაღლებაზე“ – განაცხადა სს „თელასის“ გენერალურმა დირექტორმა სერგეი კობცევმა.