დაიწყო თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მასშტაბური გაფართოების პროექტი. ამ მოვლენის აღსანიშნად დღეს, 13 ივლისს ქვეყნის მთავარ აეროპორტში ოფიციალური ღონისძიება გაიმართა, რომლის ფარგლებშიც სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და TAV Airports-ის აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე და მმართველი საბჭოს წევრი ფრენკ მერეიდე. ღონისძიება „ტავ ჯორჯიას“ გენერალურმა მენეჯერმა, თეა ზაქარაძემ გახსნა. მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით გაიმართა „დროის კაფსულის” ჩადების სიმბოლური ცერემონიაც.
გაფართოების მასშტაბური პროექტის ფარგლებში გაორმაგდება და 10-მდე გაიზრდება მგზავრთა ჩასხდომის ხიდების რაოდენობა, მოეწყობა საჰაერო ხომალდების 7 ახალი დისტანციური სადგომი, ტერმინალს დაემატება 9 ახალი სარეგისტრაციო დახლი, გაფართოვდება საპასპორტო კონტროლის ზონა და მოეწყობა 24 საპასპორტო კონტროლის პუნქტი, დაემატება ორი ახალი საბარგო ლენტი, განახლდება არსებული სამგზავრო სივრცეები და შეიქმნება ახალი სავაჭრო, კვების და ბიზნეს-ლაუნჯის სივრცეები, სადაც განსაკუთრებული აქცენტი ქართული სამზარეულოსა და ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციაზე გაკეთდება, გაიზრდება ტერმინალის მიმდებარე ავტოსადგომის რაოდენობა.
აღნიშნულ პროექტში „ტავ ჯორჯია“ 150 მლნ ამერიკული დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, რომლის მეშვეობითაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა გაორმაგდება და წლიურად 10 მილიონამდე გაიზრდება. “ტავ ჯორჯია” უკვე 20 წელზე მეტია თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს და წარმოადგენს ფრანგული საავიაციო გიგანტის, Groupe ADP-ის წევრის, TAV Airports-ის შვილობილ კომპანიას საქართველოში. ამ პერიოდის განმავლობაში კომპანიამ საქართველოში არაერთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა, რომლის ჯამური მოცულობა 250 მლნ აშშ დოლარს შეადგენს და დღეს საქართველოს საავიაციო სექტორში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.












