თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების მასშტაბური საინვესტიციო პროექტი ოფიციალურად დაიწყო. პროექტის ფარგლებში „ტავ ჯორჯია“150 მილიონ აშშ დოლარზე მეტის ინვესტიციას განახორციელებს, რის შედეგადაც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის წლიური გამტარუნარიანობა 5 მილიონიდან 10 მილიონ მგზავრამდე გაიზრდება.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორის, ლევან მოსეშვილის განცხადებით, პროექტის დაწყება ქვეყნის საავიაციო ინფრასტრუქტურის განვითარებისა და საქართველოს საერთაშორისო დაკავშირებადობის გაძლიერების მიმართულებით უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია.

„თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების დაწყება საქართველოს საავიაციო სექტორისთვის უმნიშვნელოვანესი ეტაპია. 150 მილიონ აშშ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიცია საშუალებას მოგვცემს, ქვეყნის მთავარი აეროპორტის გამტარუნარიანობა 10 მილიონ მგზავრამდე გავზარდოთ, რაც სრულად პასუხობს მზარდ მოთხოვნას და ქმნის უფრო თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტულ ინფრასტრუქტურას.

პროექტის განხორციელების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზრდება თბილისის საერთაშორისო აეროპორტის საოპერაციო შესაძლებლობები, გაუმჯობესდება მგზავრთა მომსახურების ხარისხი და კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს, როგორც რეგიონული სატრანზიტო ჰაბის პოზიცია.

ეს პროექტი ნიშნავს მეტ საერთაშორისო რეისს, მეტ ახალ ავიაკომპანიას, ეკონომიკურ ზრდას და საქართველოს საერთაშორისო საჰაერო დაკავშირებადობის კიდევ უფრო გაძლიერებას. დარწმუნებული ვარ, ეს ინვესტიცია მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს როგორც საავიაციო სექტორის, ისე ქვეყნის ეკონომიკის გრძელვადიან განვითარებაში, “– განაცხადა ლევან მოსეშვილმა.

პროექტი 2026-2028 წლებში განხორციელდება და ტერმინალისა და აეროდრომის ინფრასტრუქტურის გაფართოებას, თანამედროვე ტექნოლოგიური სისტემების დანერგვას, ჩასხდომის ხიდების, თვითმფრინავების დისტანციური სადგომების, საპასპორტო კონტროლის პუნქტებისა და სარეგისტრაციო დახლების რაოდენობის ზრდას, ასევე სამგზავრო სივრცეების სრულ განახლებას მოიცავს.

თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის გაფართოების დასრულების შემდეგ მზარდი საერთაშორისო მგზავრთნაკადის ეფექტიანი მომსახურება, ახალი ავიაკომპანიებისა და ავიამიმართულებების მოზიდვა გახდება შესაძლებელი, რაც საქართველოს ტურისტული და სატრანზიტო პოტენციალის კიდევ უფრო გაძლიერებას შეუწყობს ხელს.