თბილისის საერთაშორისო აეროპორტის 20-წლიანი განვითარების გეგმაზე მუშაობა ფაქტობრივად დასრულებულია და სახელმწიფოსთან ბოლო შტრიხები თანხმდება.
„თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გეგმა უკვე დასრულების ფაზაშია და ვფიქრობთ, რომ მარტის ბოლომდე წარვუდგენთ სახელმწიფოს. პრინციპში უკვე წარდგენილია, მაგრამ მიმდინარეობს მოლაპარაკებები, განხილვები და სხვადასხვა დეტალების შეთანხმება“, – განაცხადა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურმა მენეჯერმა თეა ზაქარაძემ. მისივე განმარტებით, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების გენერალური გეგმაზე მუშაობა უკვე დასრულდება და მთავრობას 2 კვირაში წარედგინება.
ცნობილია, რომ გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia თანამშრომლობს ავიაციის სფეროში ავტორიტეტულ საერთაშორისო საექსპერტო კომპანია – ADP Ingénierie (ADPI)-თან, რომელიც ევროპის, ახლო აღმოსავლეთის და ცენტრალური აზიის რეგიონში აეროპორტების დაგეგმარებაში ერთ-ერთ წამყვან საექსპერტო და საკონსულტაციო კომპანიას წარმოადგენს.
დოკუმენტი მოიცავს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის განვითარების ყველა მიმართულებას მომავალი 20 წლის განმავლობაში.
“ტავ ჯორჯია” “TAV Airports Holding”-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლოატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-17 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განხორციელდა არსებული ასაფრენ დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და ახალი მოფრენის ტერმინალის მშენებლობა.
“TAV Airports Holding“ მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის წყალობით TAV Georgia ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიად ჩამოყალიბდა საქართველოში. დღეისათვის TAV Georgia-ში დასაქმებულია 1500 თანამშრომელი.