ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი კომპანია TAV Georgia-ს გენერალურ დირექტორს თეა ზაქარაძესა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში ავტორიტეტული საერთაშორისო საექსპერტო კომპანიის „ADP Ingénierie (ADPI)“ დელეგაციას შეხვდა, რომელიც TAV Georgia-თან თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გენერალური განვითარების გეგმის შემუშავებაში თანამშრომლობს.
შეხვედრაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი თამარ არჩუაძე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ADPI-ის წარმომადგენლები უკვე გაეცნენ თბილისის აეროპორტის ინფრასტრუქტურას და ქვეყნის მთავარი აეროპორტის განვითარების გეგმაზე მუშაობას 2022 წლის ბოლოს დაასრულებენ.
მინისტრის მოადგილის განცხადებით, საერთაშორისო აეროპორტების განვითარებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ტურიზმისა და ავიაციისთვის. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში არსებულ თითოეულ აეროპორტს გრძელვადიანი განვითარების გეგმა ჰქონდეს. „თბილისის აეროპორტის განვითარების 20-წლიანი გენერალური გეგმა ექნება და ის მოიცავს ისეთ მნიშვნელოვან კომპონენტებს, როგორიცაა აეროპორტის ინფრასტრუქტურის განვითარება, მგზავრთნაკადისა და ტვირთნაკადის ზრდა,“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა
TAV Georgia-ს გენერალური დირექტორის თეა ზაქარაძის განცხადებით, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გრძელვადიანი გენერალური გეგმა საქართველოს სახელმწიფოს 2023 წლის იანვარში გადაეცემა.