მოსალოდნელია, რომ გლობალური მოგზაურობის ტარიფები 2023 წლის განმავლობაშიც ზრდას გააგრძელებს, რაც გამოწვეულია საწვავის მაღალი ფასებით, მუშახელის დეფიციტით და ზოგადად ყველაფერზე ფასების  მატებით, – აღნიშნულია Global Business Travel Forecast-ში, რომელიც CWT-ის და გლობალური ბიზნეს მოგზაურობის ასოციაციის (GBTA) მიერ გამოქვეყნდა.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ მომავალ წელს ინდუსტრია უნდა ელოდეს ავიაბილეთებზე ფასების 8,4%-იან ზრდას, სასტუმროების ფასების 8,2%-ით და მანქანის დაქირავების ტარიფების 6,8%-ით გაძვირებას.

ექსპერტების განმარტებით, უკრაინაში სამხედრო კონფლიქტი და სხვა გეოპოლიტიკური გაურკვევლობა, ინფლაციური ზეწოლა, რომელიც ზრდის ხარჯებს და Covid-19-ის შემდგომი გავრცელების რისკი, რამაც შეიძლება შეზღუდოს საქმიანი მოგზაურობა, არის ის ძირითადი ფაქტორები, რომელიც გავლენას ახდენს ეკონომიკასა და საქმიანი მოგზაურობის ინდუსტრიაზე.

„საქმიან მოგზაურობებსა და შეხვედრებზე მოთხოვნა გაორმაგებული ძალებით დაბრუნდა, ამაში ეჭვი არავის ეპარება“, – თქვა CWT-ის აღმასრულებელმა დირექტორმა პატრიკ ანდერსენმა.

კორპორაციული ავიაბილეთების ფასები 2020 წელს 2019 წელთან შედარებით 12%-ით დაეცა, რასაც 2021 წელს 26%-იანი კლება მოყვა,

ხოლო 2021 წელს ეკონომ კლასის ბილეთები 24%-ზე მეტით გაიაფდა, ხოლო პრემიუმ კლასის ბილეთების ფასი 33%-ით დაეცა.

ავიაბილეთის ფასი იცვლება მზარდი მოთხოვნის და საავიაციო ნავთის მაღალი ფასების გამო, რომლებიც ზოგიერთ ბაზარზე გაორმაგდა და S&P Global-ის მონაცემებით ბარელზე $160-ზე მეტია.

2020 წელს ავტომობილების გაქირავების მსოფლიო ფასები 2019 წელთან შედარებით 2,5%-ით დაეცა და შემდეგ, 2021 წელს 5,1%-ით გაიზარდა. მოსალოდნელია, რომ აღნიშნული მიმართულებით 2022 წლის ბოლომდე ფასები გაიზრდება 7.3%-ით, ხოლო მომავალ წელს შემდგომი ზრდა 6.8%-ი იქნება.

ანალოგიურად, სასტუმროების ტარიფები 2020 წელს 13,3%-ით და 2021 წელს 9,5%-ით დაეცა. მოსალოდნელია, რომ 2022 წლის ბოლომდე სასტუმრო მომსახურების ფასები გაიზრდება 18,5%-ით, ხოლო 2023 წელს 8,2%-ით.

ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკაში სასტუმროების ტარიფებმა უკვე გადააჭარბა 2019 წლის დონეს და მოსალოდნელია, რომ მთელს მსოფლიოში სასტუმრო მომსახურების ფასები 2019 წლის დონეს 2023 წლისთვის მიაღწევს.