პირველად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი Skytrax World Airport Awards 2024-ზე, მსოფლიოს მასშტაბით 5 მილიონამდე მგზავრზე გათვლილ აეროპორტების Top 10 – ში მოხვდა. თბილისის სერთაშორისო აეროპორტთან ერთად აეთეულში, დურბანის, ოტავას, გოასა და ბილუნდის აეროპორტები დასახელდნენ.

ასევე, Skytrax World Airport Awards 2024-ზე თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტები, აღმოსავლეთ ევროპის 10 საუკეთესო აეროპორტს შორის დასახელდა.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტი აღნიშნულ კატეგორიაში ზედიზედ მეთერთმეტედ, ხოლო ბათუმის – მესამედ, მოხვდა. მგზავრთა გამოკითხვის შედეგად, აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო ხუთეულშია – ბუდაპეშტის, ტალინის, რიგის, თბილისისა და სოფიას საერთაშორისო აეროპორტები.

მსოფლიოს საუკეთესო აეროპორტების დაჯილდოების ცერემონია Passenger Terminal Expo 2024-ის ფარგლებში ფრანკფურტში გაიმართა.

Skytrax გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც 1999 წლიდან მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს იკვლევს და აფასებს. World Airport Awards-ი მსოფლიოს 100 ზე მეტი სხვადასხვა ეროვნების მგზავრისა და 570 აეროპორტის შეფასებას ეფუძნება. გამოკითხვის ფარგლებში მგზავრები აეროპორტის სერვისს აფასებენ.

ტავ ჯორჯიას” შესახებ

“ტავ ჯორჯია” ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის შედეგად, „ტავ ჯორჯია“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიას წარმოადგენს. დღეისათვის „ტავ ჯორჯიაში“ დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.