თბილისი-ბერლინი-თბილისის საჰაერო ხაზზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირებულ რეისს Georgian Airways-ი 23 სექტემბრის ნაცვლად 27 სექტემბერს შეასრულებს.

როგორც ახალგაზრდობის სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, სააგენტოს ორგანიზებით, მეოთხე ჩარტერული რეისი თბილისი–ბერლინის მიმართულებით, 23 სექტემბრის ნაცვლად, 27 სექტემბერს განხორციელდება, მათთვის, ვინც მიემგზავრება სასწავლებლად ან აქვს სამუშაო კონტრაქტი გერმანიაში.

აღნიშნული რეისით მგზავრები ისარგებლებენ ასევე ბერლინი-თბილისის მიმართულებაზეც. “საქართველოს მოქალაქეთა სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების მიზნით, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ფედერალური მთავრობის მიერ გერმანიის ტერიტორიაზე შესაბამისი ვიზით შემოსული საქართველოს მოქალაქეებისთვის გერმანიაში ყოფნის ვადა გაგრძელებულ იქნა 30 სექტემბრამდე”, – აღნიშნული იყო გერმანიაში საქართველოს საელჩოს მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ განცხადებაში.

ბილეთის ფასი  კი 199 ევროა.

შეგახსენებთ, რომ 17 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა, რომ ქართველი სტუდენტებისთვის, რომლებიც ბერლინში სწავლობენ, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი სუბსიდირებული რეისი შესრულდება.

მთავრობის მეთაურის თქმით, სასწავლო წელი ეტაპობრივად იწყება სხვადასხვა ქვეყანაში და საქართველოს მთავრობა განაგრძობს ქართველი სტუდენტების დახმარებას, ეტაპობრივად დაბრუნდნენ სხვადასხვა ქალაქში, სადაც ისინი სწავლობენ.

„ჩვენ უკვე ასეთი განვახორციელეთ 3 სუბსიდირებული რეისი და 500-მდე სტუდენტი გადავიყვანეთ ევროპის სხვადასხვა ქალაქში. უახლოეს პერიოდში ბერლინის მიმართულებით კიდევ ერთი რეისი შესრულდება. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სტუდენტების მხარდაჭერას, რათა სუბსიდირებით, შეღავათიანი ღირებულების ბილეთებით, ისინი დავუბრუნოთ იმ სასწავლო დაწესებულებებს, რომლებშიც სწავლობენ“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.