უკრაინის საერთაშორისო ავიახაზები FlyUIA საქართველოს მიმართულებით ავიარეისებს აანონსებს. როგორც ავიაკომპანიის მიერ მგზავრებისთვის გაგზავნილი შეტყობინებიდან ირკვევა, ავიაკომპანია მგზავრებს თბილისიდან კიევის გარდა ტრანზიტულ ფრენებსაც სთავაზობს.

ავიაკომპანიის ვებგვერდზე ავიაბილეთების შეძენაც უკვე შესაძლებელია. FlyUIA ბილეთებს 2 ნოემბრიდან ყიდის. 

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ რეგულარულ რეისებზე შეზღუდვები 2020 წლის 21 მარტიდან აამოქმედა და არსებული შეზღუდვა 31 ოქტომბრის ჩათვლით მოქმედებს.

ბოლო მონაცემებით საქართველოს ცა საერთაშორისო რეგულარული ფრენებისთვის 1-ელ ნოემბრამდე იქნება დახურული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტო მიერ გამოცემული მორიგი NOTAM-ის მიხედვით ირკვევა, რომ რეგულარული საჰაერო მიმოსვლა შეზღუდულია 31 ოქტომბრის ჩათვლით. თუმცა არსებობს გამონაკლისიც და თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების განხორციელება დაშვებულია მიუნხენიდან, პარიზიდან და რიგადან, ასევე ქუთაისის მიმართულებით რიგადან. 

საგულისხმოა, რომ მიმდინარე წლის 2 აგვისტოდან, მიუნხენი – თბილისი – მიუნხენის საჰაერო ხაზზე რეგულარული ოპერირება ავიაკომპანია Lufthansa-მ აღადგინა, 8 აგვისტოდან, პარიზი – თბილისი – პარიზის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისების შესრულება ავიაკომპანია Air France-მა განაახლა, ხოლო რიგა-თბილისი-რიგას საჰაერო ხაზზე რეგულარულად ავიაკომპანია Air Baltic ოპერირებს. 4 ოქტომბრიდან რიგა-ქუთაისი-რიგას საჰაერო ხაზზე კი რეისების აღდგენას გეგმავს ავიაკომპანია Wizz Air-ი. 

“სხვა მიმართულებებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის ეტაპობრივი აღდგენის შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით. გამომდინარე იქედან, რომ COVID-19 პანდემიის პირობებში ავიაციის სექტორისთვის ვითარება რთულად პროგნოზირებადია და გლობალურ დონეზე, პერიოდულად იცვლება გადაწყვეტილებები სასაზღვრო და სამგზავრო შეზღუდვებთან დაკავშირებით, მოქალაქეებს და მგზავრებს კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ, თავი შეიკავონ დაუდასტურებელ მიმართულებებზე/რეისებზე ბილეთების შეძენისაგან. მგზავრობის დაგეგმვის დროს, გირჩევთ ყურადღებით გადაამოწმოთ ამა თუ იმ სოციალური გვერდის/ჯგუფის მიერ დაანონსებული ფრენის შესახებ ინფორმაცია და იხელმძღვანელოთ მხოლოდ ოფიციალურ წყაროებზე, მათ შორის სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ვებ-გვერდზე და სოციალურ გვერდზე განთავსებული განრიგებით”, აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.​