ავიაკომპანია Georgian Airways-ი თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანიის “ტავ ჯორჯიას” დავალიანებას ისევ არ აღიარებს. ავიაკომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ დასახელებული თანხა (9 მლნ ლარზე მეტი) ეს არის ვირტუალური დავალიანება, რასაც დამტკიცება სჭირდება. Georgian Airways-ისა და “ტავ ჯორჯიას” მენეჯმენტი საკითხზე ერთობლივად მუშაობს და მხარეებს შორის საბოლოო შეთანხმება, ან პირიქით, ამ ერთობლივი განხილვების შემდეგ შედგება. სწორედ ამ განხილვების შემდეგ გადაწყდება კომპანიები მორიგდებიან, თუ დავის გასარჩევად სასამართლოს მიმართავენ.
„ჯერჯერობით საკითხი მოლაპარაკებების ფაზაშია. ჯერ კიდევ საკითხავი და დასათვლელია თუ საიდან არის ეს დავალიანება წარმოშობილი. რეალურად ეს არის ვირტუალური ვალი და საბოლოო ჯამში შესაძლოა ვალიც არ აღმოჩნდეს. მომსახურეობას ჩვენ თავის თავს თავადვე ვუწევთ. უბრალოდ მათ ასეთი ცნება აქვთ, რომ უნდა გადავუხადოთ ფული.
ესე ახლა მეც ვიტყვი, რომ „ტავს“ აქვს ჩემი ვალი 100 მლნ ლარი და მერე? აი გეუბნებით, რომ 14 წლის განმავლობაში მე გადახდილი მაქვს ზედმეტად მნიშვნელოვანი თანხები და ახლა მე ვაპირებ, რომ ვუჩივლო და გადამიხადონ“, აცხადებს Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი.
შეგახსენებთ, რომ დავალიანების გადაუხდელობის შემთხვევაში „ტავ ჯორჯია“ Georgian Airways-ს სასამართლოში სარჩელის შეტანით ემუქრებოდა. როგორც რამდენიმე კვირის უკან კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში იყო აღნიშნული, თუ ვალი არ დაიფარებოდა მაშინ „ტავ ჯორჯია“ ავიაკომპანიის მიმართ მომსახურებას შეზღუდვას არ გამორიცხავდა.
„ტავ ჯორჯიას“ ინფორმაციით სხვა ავიაკომპანიებისგან განსხვავებით Georgian Airways-ი სარგებლობს შემდეგი პრივილეგიებით:
- Georgian Airways – აქვს ექსკლუზიური უფლება თავად გაუწიოს სახმელეთო მომსახურება საკუთარ საჰაეროხომალდებსადა მგზავრებს, რაც საგრძნობლად ამცირებს მათ საწარმოო ხარჯებს;
2. Georgian Airways – 2005 წლიდან სარგებლობს 50%დან – 80%-მდე ფასდაკლებით ტავ ჯორჯიას მიერ გაწეულ ყველა იმ მოთხოვნად სერვისზე, რაც აუცილებელია რეისის შესასრულებლად (ბოლო სამი თვეა ავიაკომპანია მხარეებს შორის შეთანხმებული პირობების მიხედვით მხოლოდ მისთვის გაწეული მომსახურების ღირებულის 50% იხდის);
3. 2015 წლიდან Georgian Airways სარგებლობს ტავ ჯორჯიას მიერ ექსკლუზიურად მისთვის შედგენილი გადახდის სპეციალური გრაფიკით, რაც ზამთრის სანავიგაციო პერიოდში გაწეული მომსახურების ღირებულების 50%-ის გადახდას ზაფხულის განმავლობაში გულისხმობს.
4. Georgian Airways – ამ ეტაპზე არის ერთადერთი, თბილისში ბაზირებული ეროვნული ავიაკომპანია, რომელსაც ტავ ჯორჯიამ მგზავრთა მოსაკრებელი 24 USD-დან 19 USD-მდე შეუმცირა. (აღნიშნული შეღავათით ისარგებლებს თბილისში ბაზირებული ნებისმიერი ეროვნული ავიაკომპანია, რომლის მიერ გადაყვანილი მგზავრთა რაოდენობა 50 000 აღემატება);
5. Georgian Airways – 2017 წლიდან სარგებლობს საჰაერო ხომალდების აფრენა-დაფრენის სპეციალური ტარიფით, რაც აღნიშნულ სერვისზე 30%-იან ფასდაკლებას გულისხმობს. ტავ ჯორჯიას მიერ შემუშავებული ამ სპეციალური ტარიფით სარგებლობენ თბილისში ბაზირებული ავიაკომპანიები.
6. Georgian Airways 2010 – წლიდან სარგებლობს ტავ ჯორჯიას მიერ ადგილობრივ რეისებზე შემუშავებული სპეციალური ტარიფით. აღნიშნული შეღავათი ავიაკომპანიას საშუალებას აძლევს საგრძნობლად შეამციროს ხარჯები.