ავიაკომპანია Georgian Airways-ის მენეჯმენტი დახმარებას სახელმწიფოსგან ელოდება, მთავრობა კი ქმედითი ნაბიჯების გადადგმას არ ჩქარობს, ან არ აპირებს.

ავიაკომპანიის დამფუძნებელი ამბობს, რომ ქართული ავიაციის წინაშე არსებულ პრობლემებზე ესაუბრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრს და ბოლო პერიოდში შეხვედრა ჰქონდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთანაც.

თამაზ გაიაშვილი ამბობს, რომ კომპანიას სურს კიდევ უფრო გაფართოვდეს, გაზარდოს ავიაპარკი და დაამატოს სიხშირეები, თუმცა საბოლოო მიზნის მისაღწევად ქართულ კომპანიებს სახელმწიფოსგან გარკვეული ხელშეწყობა ესაჭიროება. ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ქართული კომპანიები მთავრობისთვის ნომერ პირველი პრიორიტეტი უნდა იყოს.

„Georgian Airways-ი მუშაობს გაფართოებაზე. ჩვენ ვამატებთ საჰაერო ხომალდებს. იზრდება მოთხოვნა, რადგანაც ვიზალიბერალიზაციის შემდეგ გაიზარდა ტურისტების რაოდენობა. იმავდროულად ქართველები უვიზოდ გადაადგილდებიან ევროპის ქალაქებში. პრაქტიკულად Georgian Airways-ს ევროპის ყველა დიდი ქალაქის მიმართულებით აქვს ავიარეისები. განვიხილავთ ასევე, ახალი ავიარეისების დანიშვნის საკითხსაც.

თუმცა, თუ სახელმწიფო არ დადგა ქართული ავიაკომპანიების მხარეს და არ გაუწია სერიოზული დახმარება, ისე ძალიან გაგვიჭირდება. ვერანაირი ახალი გენერალური დირექტორი ვერ გვიშველის თუ სახელმწიფოს პრიორიტეტი არ იქნება, რომ ქართულ კომპანიებს დაეხმაროს, არამხოლოდ ავიაციაში არამედ ბიზნესის ყველა დარგში.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან გიორგი ქობულიასთან  მქონდა შეხვედრა. გავაცანი ჩვენი რთული მდგომარეობა, თუ რა პირობებში გვიწევს კონკურენცია. ბევრი რუსული კომპანია არის შემოსული, რომლებიც დემპინგური ფასებით ოპერირებენ. ისინი დაახლოებით 3-ჯერ მეტ ფრენებს ახორციელებენ თბილისის მიმართულებით, ვიდრე ჩვენ ვახორციელებთ რუსეთში. ამ კუთხითაც სახელმწიფო ჩვენ გვერდით არ გვიდგას. აბრალებენ იმას, რომ ტურიზმს ვანვითარებთო. თუმცა ხდება ისე, რომ ერთს ვაკეთებთ და მეორეს ვაფუჭებთ. არავითარი საუბარი არ არის იმაზე, რომ ერთსაც დავეხმაროთ და მეორესაც. ავიაცია, რომ სტრატეგიული დარგია ქვეყნისთვის ეს ჩემი ასახსნელი არ არის“, განმარტავს თამაზ გაიაშვილი.