Armenia Aircompany-ი, რომელიც ასრულებდა რეისს მოსკოვი-ერევანის მიმართულებით, აფრენისას ტექნიკური პრობლემა შეექმნა. არაოფიციალური ინფორმაციით, პრობლემა საჰაერო ხომალდის ძრავში წარმოიქმნა. თვითმფრინავის ეკიპაჟმა უკან, ვნუკოვოს საერთაშორისო აეროპორტში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო. თვითმფრინავი აეროპორტში აფრენიდან 48 წუთის შემდეგ დაჯდა.
ავიაკომპანია Armenia ფრენას საჰაერო ხომალდ Boeing 737-ით ასრულებდა, რომელიც რუსეთის მიერ ავიასანქციების დაწესებამდე ავიაკომპანია Georgian Airways-ის ბალანსზე იყო და საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში (საბორტო ნომერი 4L TGO) ირიცხებოდა. დღეისათვის კი საჰაერო ხომალდი Armenia Aircompany-ს ბალანსზეა და შესაბამისად სომხეთის სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრშია (საბორტო ნომერი EK – 73786).
ინციდენტი 28 აგვისტოს მოხდა.
იმყოფებოდნენ თუ არა ბორტზე საქართველოს მოქალაქეები უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია Armenia ავიაკომპანია Georgian Airways-თან თანამშრომლობით რუსეთ-საქართველოს შორის მგზავრთგადაყვანებს ახორციელებს. ავიაკომპანიებმა საკუთარი ფრენის განრიგები ისე დაალაგეს, რომ სატრანზიტო დროის მონაკვეთი მხოლოდ 35 წუთს შეადგენს. გარდა ამისა, მგზავრებს არ უწევთ ბარგის გატანა და თვითმფრინავის დატოვება.