ქართულმა ავიაკომპანია Tbilisi Airways-მა, რომელიც B737-37Q უწევს ექსპლუატირებას, საჰაერო ხომალდი „სველი იჯარით“ სომხურ ავიაკომპანია Armenia Airways-ს გადასცა. როგორც AviaNews-ს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში (GCAA) განუცხადეს, Tbilisi Airways-ს აღნიშნული საჰაერო ხომალდის „ეკიპაჟიანი იჯარით“ სხვა კომპანიაზე გადაცემით არსებული რეგულაცია არ დარღვეულა, რადგანაც ავიაკომპანიას, რომელსაც მხოლოდ ერთი ბორტი გააჩნია, მისი იჯარით გაცემა წლის განმავლობაში მხოლოდ 6 თვის ვადით შეუძლია.
„საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიცირების წესის” თანახმად, ქართული ავიაკომპანიის მიერ, სხვა სახელმწიფოს ავიაკომპანიისთვის საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატის №1 დანართში შეტანილი საჰაერო ხომალდების „ეკიპაჟიანი იჯარით“ გადაცემა დაუშვებელია თუ სრულდება ყველა ჩამოთვლილი პირობა:
• „ეკიპაჟიანი იჯარით“ გადაცემის ვადა 12 კალენდარული თვის განმავლობაში აღემატება 6 თვეს;
• „ეკიპაჟიანი იჯარით“ გადაცემა იწვევს საჰაერო ხომალდის ბაზირებას საქართველოს ფარგლებს გარეთ;
• გადაცემული საჰაერო ხომალდების რაოდენობა აღემატება №1 დანართში შეტანილი საჰაერო ხომალდების რაოდენობის 50 პროცენტს.
დღეის მდგომარეობით, შპს „თბილისი ეარვეისის“ ექსპლუატაციაში მყოფი საჰაერო ხომალდის „ეკიპაჟიანი იჯარით“ გაცემის ვადა არ აღემატება ზემოთ მითითებულ დადგენილ ვადებს (ავიაკომპანიაზე საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტის სერტიფიკატი გაიცა მიმდინარე წლის 11 მაისს), ამასთან, ავიაკომპანიას არ შეუცვლია საჰაერო ხომალდის ბაზირების ადგილი და ის კვლავ საქართველოა. ამდენად, შპს „თბილისი ეარვეისის“ მიერ, სხვა სახელმწიფოს ავიაკომპანიისთვის საჰაერო ხომალდის „ეკიპაჟიანი იჯარით“ გადაცემა არ წარმოადგენს არსებული ნორმების დარღვევას. რაც შეეხება, ორ მხარეს შორის არსებული სალიზინგო შეთანხმების პირობებს, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთ განხორციელებულ ან დაგეგმილ ფრენებს, აღნიშნულის თაობაზე უმჯობესია მიმართოთ თავად ავიაკომპანიას“, – განუცხადეს AviaNews-ს GCAA-ში.
თავად Tbilisi Airways-ში AviaNews-ს უთხრეს, რომ GCAA-ში კომპანიის ბიზნეს-გეგმის წარდგენის შემდეგ, ავიაკომპანიამ საინტერესო კომერციული წინადადება მიიღო და დათანხმდა კიდეც.
„გადაწყვეტილებაც, ბუნებრივია, შემოსავლის მიღებაზე ორიენტირებულობიდან გამომდინარე მივიღეთ და ეს გარიგება შედგა“, – აცხადებენ Tbilisi Airways-ში.
სომხური ავიაკომპანიას, რომელსაც Tbilisi Airways-მა ბორტი იჯარით გადასცა, გავრცელებული ინფორმაციით ნაწილობრივ ირანის მოქალაქეების კუთვნილებაშია, რასაც Tbilisi Airways-ში არ ადასტურებენ.
„ჩვენი პარტნიორი კომპანია ყველა შესაბამისი დოკუმენტით ადასტურებს, რომ არის სომხეთში რეგისტრირებული, მისი დამფუძნებლებიც სომხეთის მოქალაქეები არიან და ორგანიზაცია მოქმედებს ყველანაირი ადგილობრივი თუ საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვით“, – აცხადებენ Tbilisi Airways-ში.