ქართული ავიაკომპანია Tbilisi Airways-ი ეტაპობრივად შუა აღმოსავლეთისა და ევროპის მიმართულებების ათვისებას გეგმავს, – ამის შესახებ AviaNews-ს ავიაკომპანიის მენეჯმენტმა განუცხადა. თუმცა მანამდე ავიაკომპანია პარკის გაფართოებას აპირებს, რომელიც ამ დროისათვის მხოლოდ ერთი Boeing 737-გან შედგება.

„როგორც ნებისმიერი კომერციული ორგანიზაცია, რომელიც პირველ ნაბიჯებს დგამს, რა თქმა უნდა, Tbilisi Airways-იც ორიენტირებულია ზრდაზე, სხვადასხვა მიმართულებების კვლევაზე და მათ ათვისებაზე, ბაზარზე არსებული მოთხოვნებიდან გამომდინარე.

სულ მალე ახალ საჰაერო ხომალდს ველოდებით, რის შემდეგაც ავიაბაზარზე უფრო აქტიურად გამოვჩნდებით და ჩვენი გეგმების შესახებაც ფართო საზოგადოება სწორედ მაშინ შეიტყობს“, – განმარტავენ კომპანიაში.

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ საქართველოს ავიაბაზარი საკმაოდ კონკურენტუნარიანია და კომერციულად პერსპექტიულია.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი კომპანია სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა ქართულ ბაზარზე და დაიწყო ოპერირება. შესაბამისად, ეს ნიშნავს, რომ კომპანიის დამფუძნებლებმა და მენეჯმენტმა ქართული ავიაბაზარი, კონკურენციისა და სხვა კომერციული ასპექტების გათვალისწინებით, პერსპექტიულად მიიჩნიეს და Tbilisi Airways-მა გადადგა პირველი წარმატებული ნაბიჯები”, – აცხადებენ Tbilisi Airways-ში.

შეგახსენებთ, რომ Tbilisi Airways-ი 2021 წლის მარტში შეიქმნა, ხოლო ოპერირებას 2022 წლიდან შეუდგა. ამ დროისათვის ავიაკომპანიას ერთადერთი ბორტი „ეკიპაჟიანი იჯარით“ აქვს გაცემული.