თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას” გენერალური მენეჯერი თეა ზაქარაძე, ზაფხულის სანავიგაციო სეზონთან დაკავშირებით, ავიაკომპანიების, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის, საავიაციო უშიშროებისა და შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს თბილისისა და ბათუმის აეროპორტებში არსებულ სიახლეებზე და მიმდინარე წლის განმავლობაში დაგეგმილ პროექტებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა იმ ინფრასტრუქტურულ სამუშაოებზე, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამგზავრების ტერმინალში უახლოეს პერიოდში დაიწყება და მიზნად ისახავს, როგორც ტერმინალის გამტარუნარიანობის გაზრდას, ასევე სასაზღვრო კონტროლის ზონაში მგზავრთა რიგების შემცირებას.
შეხვედრისას აღინიშნა, რომ მხარეები მჭიდროდ ითანამშრომლებენ, რათა დაგეგმილმა სამუშაოებმა არ შეაფერხოს აეროპორტის სერვისები და შესაბამისი სამსახურების სრულფასოვანი ფუნქციონირება.
„ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერი ასევე დაინტერესდა ავიაკომპანიების საჭიროებებით და აღნიშნა, რომ აეროპორტების მმართველი კომპანია ზაფხულის სანავიგაციო სეზონისთვის, როგორც ტექნიკურად, ისე პერსონალის რაოდენობის კუთხით მზად არის და გაზრდილი სიხშირეებისა და ახალი მიმართულებების დამატების პირობებშიც ავიაკომპანიებსა და მგზავრებს მაღალი ხარისხის სერვისით უზრუნველყოფს.