თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების გაფართოებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებები მთავრობასთან 2018 წელს დაიწყო, ბოლო შეხვედრა კი ამ თემაზე გასული წლის სექტემბერში გაიმართა, – ამის შესახებ პირველ არხს აეროპორტების მმართველი კომპანია „ტავ ჯორჯიას“ გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ განუცხადა.

„მოლაპარაკებები ამ ეტაპზე შეჩერებულია. ახალი წელი დაიწყო და ველოდებით გამოხმაურებას ამ თემასთან დაკავშირებით. ყველა საქმის კურსშია. ყველამ იცის ყველაფერი. შესაბამისად, ვართ მოლოდინის რეჟიმში“, – აღნიშნა ზაქარაძემ.

„ტავ ჯორჯიაში“ აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე თბილისზე მეტად მნიშვნელოვანია ბათუმის აეროპორტის გაფართოება.

„ბათუმის აეროპორტმა უკვე მიაღწია თავის ზღვარს და, რა თქმა უნდა, საჭიროებს გაფართოებას. თბილისის აეროპორტში ჯერ დრო გვაქვს. 2018 წელს მივაღწიეთ 3.8 მილიონ მგზავრს. ავიაკომპანიებთან მოლაპარაკებების შედეგად, სლოტების გადანაწილებით ჩვენ შეგვიძლია ოპერირება 4.5-5 მილიონი მგზავრის პირობებში. ბათუმზე გვაქვს პროექტი, თუ რა სახით უნდა მოხდეს გაფართოება. ბოლო მოლაპარაკება ამ თემაზე იყო 2018 წლის სექტემბერში. მერე იყო საკადრო ცვლილებები ეკონომიკის სამინისტროში, აეროპორტების გაერთიანებაში. სავარაუდოდ, მოლაპარაკებებს წელს განვაახლებთ“, – აღნიშნა ზაქარაძემ.

„ტავ ჯორჯიას“ ცნობით, თბილისის შემთხვევაში გაფართოების გეგმა თავად სახელმწიფომ უნდა შეარჩიოს.
„გაფართოება შეიძლება იყოს ორმილიონიანი, ხუთმილიონიანი, ან 200-მილიონიანი ინვესტიციით. უნდა ვიცოდეთ, რა უნდა ჩვენგან სახელმწიფოს, რა სახის გაფართოებაზეა საუბარი. ჩვენ უნდა მოვემსახუროთ ოთხიდან ხუთ მილიონამდე მგზავრს, ხუთიდან ექვს მილიონამდე, თუ თბილისის აეროპორტი უნდა გახდეს 10-მილიონიანი. ჯერ არც ყოფილა ამაზე საუბარი. ეს ყველაფერი დამოკიდებულია ინვესტიციის მოცულობაზე“, – დასძინა ზაქარაძემ.

ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ დღეს განაცხადა, რომ თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთნაკადი რეკორდულად არის გაზრდილი, ამის გამო კი საჭიროა მათი გაფართოება.

წყარო: 1TV.ge