2021 წელს TAV Georgia ბათუმში უფრო მეტი მგზავრის მომსახურებას ვარაუდობს, ვიდრე თბილისში. ბათუმისა და თბილისის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანიაში მიიჩნევენ, რომ 2021-ში ტურისტების ყურადღება დასასვენებელი კურორტებისკენ იქნება მიპყრობილი.
TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილე, თეა ზაქარაძე „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ ამ ეტაპზე თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადის რაოდენობა 2019 წლის მარტის მაჩვენებლების მხოლოდ 18%-ია.
„თბილისში უფრო ნაკლებ მგზავრს ველოდებით, ვიდრე ბათუმში. ვფიქრობ, 2019 წელთან შედარებით, საერთო ჭრილში მგზავრთნაკადი 30-35%-ით აღდგება, ზაფხულში კი ეს რიცხვი, ალბათ, 40%-ს გაუტოლდება. დღეის მდგომარეობით, 2019 წლის მარტს რომ შევადაროთ, მგზავრების 18%-ის დაბრუნება შევძელით, რაც ძალიან ცოტაა. ველოდებით, რომ აპრილიდან თბილისშიც დაგვემატება ავიაკომპანიები და ზაფხულის სეზონზე უფრო მეტი ადამიანი იმოგზაურებს“,- განაცხადა ზაქარაძემ.