TAV Georgia ავიაკომპანია Georgian Airways-ის დამფუძნებელს თამაზ გაიაშვილს პასუხობს.
კომპანიის გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე ამბობს, რომ ავიაკომპანიას არჩევანი აქვს და მას შეუძლია ქუთაისის აეროპორტიდან იფრინოს.
“მე ვთავაზობ მას თუ არ მოსწონს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, შეუძლია იფრინოს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან. არ არის პრობლემა. თუ მისთვის უკეთესია იქაური ინფრასტრუქტურა მაშინ იფრინოს ქუთაისიდან”, – აცხადებს თეა ზაქარაძე.
თამაზ გაიაშვილი TAV Georgia-ს სერვისსა და მომსახურება უწუნებს. მან პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ არ მოსწონს არც სააავიაციო უსაფრთხოების სტანდარტები.
“ავიაკომპანიას რა პრეტენზიები შესაძლოა ქონდეს TAV Georgia-ს მიმართ? პირველი პრეტენზიაა უსაფრთხოების კუთხით. მხედველობაში მაქვს საავიაციო უსაფრთხოება. როგორ მდგომარეობაშია პერონი, ასაფრენი ბილიკი და ასე შემდეგ… ასევე გამოვყოფდი, თუ რა ტექნიკით ემსახურება ის ავიაკომპანიებს. არანიარ კრიტიკას არ უძლებს ის თუ რა მდგოამრეობაშია დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი. ვისაც უმგზავრია თბილისის აეროპორტიდან ამას მიხვდება. როგორც ვიცი მგზავრები კმაყოფილნი არ არიან, ამაზე ყოველდღე გვწერენ ჩვენ მგზავრები თუ რა ხდება აეროპორტში და რა მდგომარეობაშია ინფრასტრუქტურა. როგორც ქართველი გულდაწყვეტილი ვარ, რომ რეგიონში ყველაზე ცუდი აეროპორტი გვაქვს. ჩვენ ვერც ბაქოს აეროპორტთან ვერ მივალთ ახლოს და ვერც ერევანთან. ძალიან ჩამორჩენილები ვართ”, – განმარტავს თამაზ გაიაშვილი.