TAV Georgia-ს მენეჯმენტი ამბობს, რომ Georgian Airways-სთან არსებული ხელშეკრულების მიხედვით მოქმედებს.

“ხელშეკრულების ჩარჩოებიდან არასოდეს არ გავდივართ. რაც შეეხება ფრენების გაჩერებას, ჩვენ ფრენების გაჩერებას არ ვაპირებთ, არ ვაპირებთ დისკომფორტი შევუქმნათ მგზავრებს, რომლებიც ჩვენი აეროპორტით სარგებლობენ. ჩვენთვის თითოეული მგზავრი მნიშვნელოვანია”, – განმარტავენ კომპანიაში.

კომპანიაში კიდევ ერთხელ აცხადებენ, რომ Georgian Airways-ი სარგებლობს ყველაზე დაბალი ტარიფებით რაც კი ამ აეროპორტშია.

“2018 წლის ივნისში მათ ჩვენთან კიდევ ერთხელ მიიღეს შეღავათები. Georgian Airways-ის დირექტორმა მოაწერა ხელი ამ ხელშეკრულებას, სადაც გაწერილია ტარიფები და ყველა პირობა. ამის შემდეგ, ივლისიდან Georgian Airways-მა შეწყვიტა გადასახადების გადახდა. ბოლო 3 თვის განმავლობაში გადაიხადა მომსახურების 50%, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი და დეკემბერი – არ გადაუხდია. სწორედ ამან გამოიწვია დავალიანების დაგროვება. რატომ არ შევაჩერეთ აქამდე? სწორედ იმიტომ, რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მგზავრი, Georgian Airways-ი იქნება თუ Lufthansa-სი. ჩვენ მათ შევთავაზეთ გადახდის საკმაოდ მოქნილი გრაფიკი. არ ვიცი რას ამბობს გაიაშვილი მაგრამ ვიცი ის რომ მივმართავთ სასამართლოს და დაიწყება სასამართლო დავა”, – აცხადებს კომპანიის გენერალური მენეჯერის მოადგილე თეა ზაქარაძე.

ზაქარაძე ამბობს, რომ გაუგებარია მათი პოზიცია რამდენადაც Georgian Airways-ის გარდა აეროპორტში ოპერირებს 50-მდე ავიაკომპანია და მსგავსი პრეტენზიით არც ერთ ავიაკომპანიას არ მიუმართავს. “განსაკუთრებული პირობებით სარგებლობს მხოლოდ Georgian Airways-ი და მათი შეფასებები მართლაც რომ საოცარია”.