TAV Georgia ბათუმის აეროპორტის გაფართოებას ივლისიდან დაიწყებს – ამის შესახებ გადაცემა “ქალების ნარატივში” თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Georgia-ს გენერალური მენეჯერის მოადგილემ თეა ზაქარაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მშენებლობას მაშინვე შეუდგებიან, როგორც კი საზღვრები გაიხსნება.
“ამ წუთას კომპანიის პირველი პრიორიტეტი არის, რომ რაც შეიძლება მალე ბათუმში აეროპორტის მშენებლობა დავიწყოთ. როგორც კი გაიხსნება პირველი ივლისიდან საზღვრები, ვიწყებთ ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მშენებლობას. რამდენიმე თარიღი გვქონდა, სექტემბერში უნდა დაგვეწყო, მერე ოქტომბერში და გარკვეული პროცედურების გამო ვერ დავიწყეთ. ახლა უნდა დაგვეწყო მარტში და სამწუხაროდ პანდემიის გამო გადაიდო და იმედია ხელს აღარაფერი შეგვიშლის და შევძლებთ განვახორციელოთ ის ინვესტიცია, რაც გვქონდა ბათუმისთვის განსაზღვრული”,- განაცხადა თეა ზაქარაძემ.
ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მმართველს ტავ ჯორჯიას, მისი გაფართოების პროექტი დაახლოებით 10 მლნ დოლარი დაუჯდება. არსებულ ტერმინალს დაემატება გაფრენა-მოფრენის ტერმინალები და აეროპორტს უფრო მეტი მგზავრი გატარების შესაძლებლობა ექნება.
წყარო: BM.ge