ტალინიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები იწყება. მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ავიაკომპანია Smartlynx Airlines-ი ტალინი-ბათუმის საჰაერო ხაზზე პირდაპირ ჩარტერულ რეისების შესრულებას ივნისიდან დაიწყებს. Smartlynx Airlines-ი ფრენებს Airbus A320 საჰაერო ხომალდით განახორციელებს. ტალინი-ბათუმი-ტალინის მიმართულებაზე Smartlynx Airlines-ი კვირაში ერთი სიხშირით იფრენს.
აღსანიშნავია, რომ SmartLynx Airlines სრულ საავიაციო სერვისზეა ACMI (Aircraft-Crew-Maintenance-Insurance) სპეციალიზებული. ის მომხმარებელს ასევე სთავაზობს საჰაერო ხომალდების იჯარით გაცემის სერისს და არის ევროკავშირში ერთ-ერთი წამყვანი პროვაიდერი Airbus A320 თვითმფრინავების მიწოდებაზე.
ავიაკომპანია ასევე ლატვიასა და ესტონეთში უზრუნველყოფს ჩარტერული რეისებსა და მის დაზღვევას. გარდა ამისა, კომპანიას აქვს ეკიპაჟის მოსამზადებლად ტრენინგ ცენტრი SmartLynx Training Center, რომელიც წამყვანია ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ცენტრი ეკიპაჟს Airbus A320 სერიის თვითმფრინავის მომსახურებისთვის ამზადებს.
ავიაკომპანიის მფლობელობაშია Airbus A320 სერიის 14 ხომალდი და 2 Airbus 321, კომპანია ფრენებს ევროპის, აზიისა და აფრიკის მიმართულებით ახორციელებს.
ავიაკომპანიის მიერ გადაყვანილი მგზავრების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, 2015 წელა ამ მაჩვენებელმა 1,6 მლნ მგზავრს მიაღწია, 2016-ში -1,9 მლნ-ს, 2017 წელს – 2,5 მლნ-ს, რაც 2 წელში 56,3%-იან ზრდას ნიშნავს. წლიდან წლამდე იზრდება კომპანიის ბრუნვა, 2017 წელს კონსოლიდირებულმა ბრუნვამ 131,4 მლნ ევროს მიაღწია, რაც 2016 წელთან შედარებით 21,2%-ით არის გაზრდილი.
2017 წელს SmartLynx-მა 15,933 ფრენა შეასრულა (+19.8%, 2016 წელს – 13,300).
SmartLynx Airlines 1992 წელს დაარსდა და 2017 წელს 25 წლის იუბილე იზეიმა. კომპანიის სათაო ოფისი მდებარეობს რიგაში, ის არის ლატვიასა და ესტონეთში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია და ფლობს სხვადასხვა სახის სერტიფიკატს.