ტაილანდის სამეფოში საქართველოს მოქალაქეებისთვის Visa on Arrival ამოქმედდება. ტაილანდი- საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი არჩილ ძულიაშვილი (რეზიდენციით ქ. ნიუ-დელი) აგრძელებს შეხვედრებს ტაილანდის სამეფოში მთავრობის და სამეფო კარის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს ელჩმა შეხვედრები გამართა ტაილანდის საგარეო საქმეთა სამინისტროში,სადაც ტაილანდის მხარემ დაადასტურა, რომ 2019 წლის თებერვლიდან საქართველოს მოქალაქეებისთვის ამოქმედდება Visa on Arrival, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს ტაილანდში მგზავრობისას ვიზა საზღვარზე აიღონ და 15 დღის განმავლობაში ტურისტული ვიზიტით იმყოფებოდნენ ტაილანდის სამეფოში.

ვიზიტის ფარგლებში, 11 დეკემბერს, ქ. ბანგკოკში გაიმართა არჩილ ძულიაშვილის აუდიენცია ტაილანდის პრინცესა მაჰა ჩაკრი სირინდჰორნთან (Her Royal Highness Maha Chakri Sirindhorn).

შეხვედრის დროს განხილულ იქნა საქართველოსა და ტაილანდის სამეფოს შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები. მათ შორის საუბარი შეეხო ტაილანდის პრინცესას მიერ საქართველოში განხორციელებულ ვიზიტს, რა დროსაც იგი გაეცნო საქართველოს ისტორიასა და კულტურას. მაჰა ჩაკრი სირინდჰორნმა გამოთქვა დაინტერესება ახლოს გაიცნოს საქართველოს კულტურა, ისტორია, ტრადიციები და ქართული ხელოვნება. მხარეებმა გამოხატეს მზაობა მომავალში აქტიურად ითანამშრომლონ ქვეყნებს შორის სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობების კიდევ უფრო განსავითარებლად.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ვიზიტის ფარგლებში,8 დეკემბერს, ტაილანდის მეფეს მაჰა ვაჯირალონგკორნ ბოდინდრადებაიავარანგკუნს (His Majesty Maha Vajiralongkorn Bodindradebayavarangkun King of Thailand) რწმუნებათა სიგელები გადასცა.