ავიაკომპანია Swiss International Air Lines გახდა პირველი ევროპული გადამზიდავი, რომელმაც საკუთარ ხომალდებზე Diehl Aviation-ის მიერ შექმნილი მექანიკური ლიფტური სისტემა დაამონტაჟა. ინოვაციური ტექნოლოგია პირველად Airbus A350 ტიპის თვითმფრინავზე გამოიყენეს და ის მიზნად ისახავს ბორტგამცილებლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებასა და ფიზიკური დატვირთვის შემცირებას. ახალი მექანიზმი ზედა საბარგულების დაკეტვისთვის საჭირო ძალას 30%-ით ამცირებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შორეული ფრენების დროს, როდესაც მგზავრების ხელბარგი ხშირად გადატვირთულია და მძიმეა.

აღსანიშნავია, რომ სისტემა სრულად მექანიკურია და არ საჭიროებს ელექტროენერგიას, რაც გამორიცხავს ელექტრონულ დაზიანებებს და მექანიზმს უფრო საიმედოს ხდის ყოველდღიური ექსპლუატაციისას. ამასთან, საინჟინრო გადაწყვეტა საშუალებას იძლევა, რომ სისტემა არსებულ საბარგულებში სალონის არქიტექტურის შეცვლის გარეშე ჩამონტაჟდეს, რაც მთავარია, ბარგის სათავსოს მოცულობა არ მცირდება. Diehl Aviation-ის ხელმძღვანელობამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს სიახლე პირდაპირ პასუხობს ინდუსტრიაში არსებულ გამოწვევას – მძიმე ხელბარგის გამო პერსონალის ფიზიკური ტრავმების რისკის შემცირებას, რაც ადასტურებს ავიაკომპანიების მზარდ ყურადღებას თანამშრომელთა ერგონომიკისა და უსაფრთხოების მიმართ.