სუდანში ამ დროისათვის ქართული ავიაკომპანია Myway Airlines-ის 13 თანამშრომელი იმყოფება. როგორც ავიაკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, ისინი სუდანი სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებიან (პილოტები, ბორტგამცილებლები და ტექნიკური პერსონალი).
„გვაქვს მუდმივი კონტაქტი ჩვენი ეკიპაჟის წევრებთან, რომლებიც ამჟამად იმყოფებიან უსაფრთხო ზონაში, თავიანთ საცხოვრებლებში და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, თავს იკავებენ გარეთ გამოსვლისა და გადაადგილებისგან. სუდანში ჩვენს პარტნიორთან თანამშრომლობით, ვცდილობთ, რომ მათ მიეწოდოთ აუცილებელი სურსათი და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები.
სუდანში ვითარების დაძაბვის პირველივე წუთებიდან ვართ მუდმივ კომუნიკაციაში თურქეთში საქართველოს საელჩოსთან და მათთან ერთად ვცდილობთ დავგეგმოთ ეკიპაჟის უსაფრთხო და დროული გამოყვანა სუდანიდან. ასევე ვთანამშრომლობთ ჩვენს კოლეგებთან ავიაკომპანია ჯეო სქაიდან, რომელთა თანამშრომლებიც ასევე იმყოფებიან სუდანში.
მოგახსენებთ, რომ ჩვენი ეკიპაჟი სუდანში იმყოფება ავიაკომპანია Myway Airlines-სა და სუდანის ერთ-ერთ ადგილობრივ ავიაკომპანიას შორის არსებული ეკიპაჟიანი იჯარის ხელშეკრულების ფარგლებში. აღნიშნული გულისხმობს, რომ ჩვენი ეკიპაჟი სამგზავრო რეისებს ასრულებს ავიაკომპანია Myway Airlines-ისსუდანში ბაზირებული საჰაერო ხომალდებით“, – აღნიშნულია Myway Airlines-ის განცხადებაში.