ქართული ავიაკომპანია Geosky სუდანში მყოფი ეკიპაჟის წევრებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და განმარტავს, რომ ავიაკომპანია მზადაა Geosky-ს  საჰაერო ხომალდით თანამშრომლების ევაკუაციის შემთხვევაში, უზრუნველყოს კიდევ ასამდე უცხო ქვეყნის სამოქალაქო პირის ევაკუაცია, რომლებიც ასევე შესაძლებელია იმყოფებოდნენ სუდანის დედაქალაქში.

„ავიაკომპანია Geosky-ს ექსპლუატაციაში მყოფი საჰაერო ხომალდი ბოინგ 737-800 სარეგისტრაციო ნომრით 4L GEZ სამუშაო ვიზიტით იმყოფება სუდანის რესპუბლიკაში, კერძოდ სუდანის დედაქალაქ ხართუმში ავიაკომპანიის ეკიპაჟის 20 წევრთან ერთად. კონფლიქტის დაწყების პირველივე წუთებიდან ავიაკომპანიის მენეჯმენტმა მყისიერად მოახდინა რეაგირება და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო და ყველა შესაბამისი უწყება ჩავაყენეთ საქმის კურსში. აქტიური-უწყვეტი კომუნიკაცია მიმდინარეობს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რომელიც თავის მხრივ მუდმივ კავშირზეა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან და პარტნიორი ქვეყნების საელჩოებთან. მნიშვნელოვანია მხარეებს შორის მოხდეს შეთანხმება ცეცხლის დროებით შეწყვეტისა და ჰუმანიტარული დერეფნების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით, რათა უზრუნველვყოთ ავიაკომპანიის თანამშრომელთა უსაფრთხო ევაკუაცია სუდანიდან უსაფრთხო ტერიტორიაზე.

ამავდროულად ჩვენ მუდმივი კავშირი გვაქვს ჩვენს პარტნიორ ავიაკომპანია მაივეი ეარლანს-ის მენეჯმენტთან და სუდანში მყოფ მათ თანამშრომლებთან და ერთობლივად ვგეგმავთ ორივე ავიაკომპანიის თანამშრომლების ევაკუაციას. ამ ეტაპზე ჩვენი ავიაკომპანიის ეკიპაჟის წევრები იმყოფებიან ქალაქ ხართუმში მათ საცხოვრებელ ბინებში და არიან უსაფრთხოდ.

ავიაკომპანია Geosky გამოთქვამს მზადყოფნას ჩვენი საჰაერო ხომალდით თანამშრომლების ევაკუაციის შემთხვევაში, უზრუნველვყოთ კიდევ ასამდე უცხო ქვეყნის სამოქალაქო პირის ევაკუაცია, რომლებიც ასევე შესაძლებელია იმყოფებოდნენ სუდანის დედაქალაქში.

ავიაკომპანია Geosky საქართველოს მთავრობისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დახმარებით ყველაფერს აკეთებს, რომ უზრუნველვყოთ ეკიპაჟის წევრების დროულად გაყვანა სუდანის დედაქალაქიდან უახლოეს უსაფრთხო ადგილას“, – აღნიშნულია  Geosky-ს განცხადებაში.