ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სტრატეგიული პარტნიორის ADP-ის შემოყვანა კომპანიაში  – აცხადებს TAV Airports Holding-ის პრეზიდენტი სერქან კაპტანი. მისი თქმით, როდესაც TAV Airports Holding-მა ADP-თან სტრატეგიული პარტნიორობა დაიწყო, მაშინ TAV Airports Holding რეგიონული მოთამაშე იყო და იმისთვის, რომ კომპანიის ბიზნესსაქმიანობა გლობალურ მასშტაბზე გასულიყო, აუცილებელი იყო პარტნიორობა გლობალურ მოთამაშესთან, როგორიცაა ADP.

როგორც BMG-ს საავტორო გადაცემაში „საუბრები ავიაციაზე“ სერქან კაპტანმა განმარტა, ADP-ის ფინანსური სიძლიერე, ბიზნესის გლობალური გამოცდილება და ნოუ ჰაუ ცხადია ძალიან დიდ როლს თამაშობს TAV Airports Holding-ის განვითარებაში.

„TAV Airports Holding-ის ისტორია 1997 წელს დაიწყო, როდესაც გაფორმდა სტამბულის ათათურქის აეროპორტის კონცესია. სტამბულში ჩვენი ნოუჰაუს დანერგვის შედეგ, კომპანიამ დაიწყო გაფართოება და სხვადასხვა აეროპორტებში შესვლა, მაგალითად იზმირის აეროპორტი, ხოლო შემდეგ იყო პროექტი საქართველოში, რომელიც პირადად ჩემთვის და კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საერთაშორისო პროექტი გახლდათ. მოგეხსენებათ, თბილისის და ბათუმის აეროპორტების კონცესია 2005 წელს გაფორმდა და რეკორდულად მოკლე პერიოდში  –  1 წლის განმავლობაში,  ამ აეროპორტებში ჩვენ მოვახერხეთ თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნა. ამის შემდგომ იყო პროექტები ჩრდილოეთ აფრიკაში, ბალკანეთის ქვეყნებში, სამხრეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და საუდის არაბეთში. ძალიან სწრაფად გაიზარდა კომპანია, პირველ ეტაპზე ეს ხდებოდა მხოლოდ მხოლოდ აეროპორტების მართვის ხარჯზე, თუმცა შემდეგ ეტაპებზე კომპანიამ მოახდინა ბიზნესის დივერსიფიკაცია და  დაიწყო სხვადასხვა მომსახურების მიწოდება შვილობილი კომპანიების მეშვეობით, რომლებიც საქართველოშიც ოპერირებენ.  ბოლო 25 წლის განმავლობაში კომპანიას რამდენიმე მნიშვნელოვანი მიღწევა ჰქონდა. 2007 წელს კომპანიის აქციები სტამბულის საფონდო ბირჟაზე განთავსდა, რაც პირველი ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა გახლდათ, ხოლო შემდეგი ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო სტრატეგიული პარტნიორის ADP-ის შემოყვანა კომპანიაში. ADP ჩვენი ინდუსტრიული პარტნიორი გახდა და არა პარტნიორი კომპანია, რომლიდანაც ფინანსური რესურსის მოზიდვა გვსურდა და, რაც მთავარია, ჩვენ ბიზნესის კუთხით ხედვების აბსოლუტური თანხვედრა გვქონდა.  მაშინ როდესაც ADP-თან სტრატეგიული პარტნიორობა დავამყარეთ, TAV Airports Holding რეგიონული მოთამაშე იყო და იმისთვის, რომ ჩვენი ბიზნესსაქმიანობა გლობალურ მასშტაბზე გასულიყო, აუცილებელი იყო პარტნიორობა ასეთ გლობალურ მოთამაშესთან. კომპანია ADP-ის ფინანსური სიძლიერე, ბიზნესის გლობალური გამოცდილება და ნოუ ჰაუ ცხადია, ძალიან დიდ როლს თამაშობს TAV Airports Holding-ის განვითარებაში. ჩვენი კომპანია მძლავრად არის წარმოდგენილი ჩრდილოეთ აფრიკაში, სამხრეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში, კავკასიაში, დსთ-ს ქვეყნებსა და ცენტრალურ აზიაში. ერთის მხრივ, ADP-ისთვის სასარგებლოა TAV Airports Holding-ის ამ რეგიონებში არსებული ძლიერი პოზიციები, ხოლო ჩვენთვის მნიშვნელოვანია ფინანსურად და ბიზნესის კუთხით ძლიერ ევროპულ კომპანიასთან სტრატეგიული პარტნიორობა“, – ამბობს სერქან კაპტანი.