აეროპორტ “სტამბოლში” ბარგის მიღებას 16 წუთი, ხოლო რეგისტრაციას 1 წუთი სჭირდება. თურქული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, სტამბოლის აეროპორტი  ზედიზედ მეორე კვირაა, ევროპის აეროპორტების რეიტინგში დღის განმავლობაში შესრულებული ფრენების რაოდენობით, ლიდერობს.

თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის ადილ კარაისმაილოღლუს განმარტებით, თუ ევროპის აეროპორტებში ბარგის გატანას საშუალოდ 4 საათი უნდა, მაშინ თურქეთის უდიდეს აეროპორტში ამ პროცესს დაახლოებით 16 წუთი სჭირდება და ეს მიუხედავად იმისა, რომ სტამბოლის აეროპორტში ყოველდღიურად 200 000 ბარგის გადამუშავება ხდება.

ტრანსპორტის სამინისტროს ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ აეროპორტში check-in-ს, რომელიც მხოლოდ ივლისში 7 მილიონ მგზავრს მოემსახურა, მხოლოდ ერთი წუთი სჭირდება.

ივლისში თურქეთის მეგაპოლისის აეროპორტი 41 ათას 794 რეისს მოემსახურა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ნორმალიზაციისა და ზაფხულის სეზონზე მოთხოვნის ზრდის ფონზე, ევროპის საავიაციო ინდუსტრიაში ქაოსი შეიმჩნევა, თუმცა თურქეთმა დროულად მიიღო ზომები და შეძლო მსგავსი სიტუაციის თავიდან აცილება.