სტამბოლის დიდი ბაზრის (გრანდ ბაზარი) სახურავზე ამიერიდან სეირნობა შესაძლებელია. ისტორიული დიდი ბაზრის რესტავრაცია, რომლის სახურავიც დაზიანდა, თითქმის დასრულებულია. ამ დროისათვის ბაზრის სახურავზე ტურები ეწყობა, სადაც ასვლა და დროის გატარება 15-20 წუთის განმავლობაშია შესაძლებელი. მოხუცებს და მცირეწლოვნებს სახურავზე ჯერ არ უშვებენ.
მსოფლიოში ყველაზე დიდი და უძველესი ბაზრის აღდგენაზე ორწლიანი მუშაობა თითქმის დასრულდა.
ცნობისათვის, „გრანდ ბაზარს“ 2022 წელს ვიზიტორების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 14,27 მილიონით გაიზარდა და 39,77 მილიონს მიაღწია.
სტამბოლის „გრანდ ბაზარი“ მდებარეობს ქალაქის ცენტრში ბეიაზითის, ნუროსმანიესა და მერჯანის უბნებს შორის. იგი არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ძველი დახურული ბაზარი. მასში დაახლოებით 4000 მაღაზიაა განთავსებული, სადაც დასაქმებულია დაახლოებით 25 ათასი ადამიანი.
ბაზრის მშენებლობა დაიწყო სულთან მეჰმედ II ფათიჰის დროს 1453 წელს კონსტანტინოპოლის აღებისთანავე, ბიზანტიის დედაქალაქის ბაზრების ბაზაზე.