პანდემიით გამოწვეული სამწლიანი პაუზის შემდეგ, China Southern Airlines-ი საქართველოს ავიაბაზარზე დაბრუნდა. ჩინურმა ავიაკომპანიამ ურუმჩიდან თბილისის მიმართულებით დღეს პირველი რეისი შეასრულა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დღეს საზეიმო ცერემონია გაიმართა, რომელსაც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აერეოპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ხელმძღვანელობა და ავიაკომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
China Southern Airlines-ი ურუმჩი-თბილისი-ურუმჩის მიმართულებით ზამთრის სანავიგაციო სეზონზე კვირაში ერთხელ, პარასკევობით იფრენს, ზაფხულის სეზონზე კი – მოთხოვნის შესაბამისად, სიხშირეების გაზრდას გეგმავს.
ურუმჩი-თბილისის რეისის ბორტზე 78 მგზავრი იმყოფებოდა, თბილისიდან ურუმჩიში კი 35 ადამიანი გაემგზავრა.
ავიაკომპანიამ ბოლო ფრენა თბილისის მიმართულებით 2020 წლის იანვარში შეასრულა.

“ტავ ჯორჯია” ADP ჯგუფის წევრი TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანიაა. მისი საქმიანობა საქართველოში 2005 წელს დაიწყო და მოქმედი კონტრაქტით 2027 წლამდე გაგრძელდება. საქართველოში განხორციელებული 220 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის შედეგად, 2007 წელს ექსპლუატაციაში შევიდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ახალი სამგზავრო ტერმინალები. 2016-2017 წლებში განხორციელებული ინვესტიციის შედეგად, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დასრულდა არსებული ასაფრენ-დასაფრენი ზოლის სრული რეაბილიტაცია და აშენდა მოფრენის ახალი ტერმინალი. TAV Airports Holding-ის მიერ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განხორციელებული მრავალმილიონიანი ინვესტიციის, აეროპორტების ოპერირებაში მრავალწლიანი გამოცდილებისა და გონივრული მენეჯმენტის შედეგად, „ტავ ჯორჯია“ საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე სანდო, სტაბილურ და დინამიურ კომპანიას წარმოადგენს. დღეისათვის „ტავ ჯორჯიაში“ დასაქმებულია 1300 თანამშრომელი.