27სტამბოლის ახალი აეროპორტის სრული დატვირთვით ამუშავება კიდევ ერთხელ გადავადდა. ათათურქის აეროპორტიდან სტამბოლის ახალ აეროპორტში გადასვლა 5 აპრილიდან დაიწყება.
სტამბოლის ათათურქის სახელობის აეროპორტიდან აეროპორტ „სტამბოლში“ ავიარეისების სრული გადამისამართება 5 აპრილიდან დაიწყება. როგორც თურქული მედია წერს, მსოფლიოს სხვადასხვა ავიაკომპანიებს, რომლებიც სტამბოლის მიმართულებით ასრულებენ რეისებს, განრიგის შესაძლო ცვლილებაზე უკვე აცნობეს.
რეისების გადამისამართების პროცესი 5 აპრილს 03:00 საათიდან დაიწყება და უკვე გაწერილი გეგმის მიხედვით, 7 აპრილს 00:00 საათზე დასრულდება. ამ პერიოდში კი ორივე აეროპორტი მხოლოდ რეგულარულ ავიარეისებს მიიღებს.
ასევე, აეროპორტებში 45 საათის განმავლობაში რეისები შედარებით მცირე რაოდენობით შესრულდება.
7 აპრილის 00:00 საათზე სტამბოლის ათათუქრის სახელობის აეროპორტი, შიდა და საერთაშორისო ავიარეისებისათვის ოფიციალურად დაიხურება
7 აპრილის შემდეგ კი ის ფუნქციონირებას ტექნიკური და სატვირთო მიზნებისთვის იქნება გამოყენებული.
უკვე ცნობილია ისიც, რომ აეროპორტ “სტამბოლს” ათათურქის აეროპორტისთვის IATA-ს მიერ მინიჭებული კოდი IST გადაყვება და დროებითი კოდი, რომლითაც აქამდე „სტამბოლი“ – (ISL) მოიხსენიებოდა ათათუქრის სახელობის აეროპორტს მიენიჭება, თუმცა მისი სერვისით მგზავრები უკვე ვეღარ ისარგებლებენ.
შეგახსენებთ, რომ სტამბოლის მესამე აეროპორტი “სტამბოლი” 2018 წლის ოქტომბერში გაიხსნა. აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენები რამდენიმე კვირის უკან დაიწყო.