სტამბოლის ახალი აეროპორტი შესაძლოა დახურვის საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს, აღნიშნულის შესახებ რამდენიმე თურქულმა გამოცემამ ჟურნალისტ საბაჰტინ ონკიბარზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია.
ჟურნალისტი საერთაშორისო ფრენებისთვის აეროპორტ “სტამბოლის” დახურვას თეორიას აგებს იმ ფაქტზე, რომ სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO) უსაფრთხოების თემაზე ახალი აეროპორტის შემოწმება დაიწყო.
როგორც ცნობილია, ოპერირების დაწყებიდან 2 თვის განმავლობაში აეროპორტმა 179 ავიარეისი ვერ მიიღო, რაც თავის მხრივ რთულ მეტეოროლოგიურ პირობებს უკავშირდებოდა. როგორც თურქეთის ტრანსპორტის მინისტრმა განაცხადა, ანალოგიური ინციდენტები მსოფლიო ავიაციაში ნორმაა. თუმცა ზოგიერთმა თურქულმა გამოცემამ, აღნიშნული ფრინველების ადგილობრივ პოპულაციას და შავი ზღვის არაპროგნოზირებად ამინდს დაუკავშირა, რაც თავის მხრივ საფრთხეს უქმნის აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხოებას.
ჟურნალისტი აცხადებს, რომ ათასწლეულების განმავლობაში ფრინველები მიგრაციას იმ გზით ახდენენ, სადაც აეროპორტი “სტამბოლია” განთავსებული, რაც თავის მხრივ შესაძლოა აეროპორტის უსაფრთხოების მხრივ უდიდეს პრობლემას წარმოადგენდეს.
საინტერესო ფაქტია ისიც, რომ გასულ კვირას ავიაკომპანია Turkish Airlines-მ ფრინველთან შეჯახების შედეგად თვითმფრინავის დაზიანების შესახებ განაცხადა. ინციდენტი სწორედ აეროპორტ “სტამბოლში” დაშვებისას მოხდა.