თურქეთის პრეზიდენტი სიტყვას ასრულებს და სტამბოლის ახალ აეროპორტს მაინც 29 ოქტომბერს გახსნის. გახსნა იქნება, თუმცა აეროპორტი მუშაობას მხოლოდ ნაწილობრივ მოახერხებს. წინასწარი დაპირებები, რომ ათათურქის აეროპორტიდან ყველა რეისი ახალ აეროპორტში 2 დღის განმავლობაში გადამისამართდებოდა ცრუ აღმოჩნდა.

მოკლედ, ლენტი 29 ოქტომბერს მართლაც გაიჭრება, თუმცა როგორც ირკვევა წლის ბოლომდე კერძოდ კი 31 დეკემბრამდე ის სრული დატვირთვით ფუნქციონირებას ვერ შეძლებს.

2018 წლის მონაცემებით, Turkish Airlines-ი იქნება ერთადერთი ავიაკომპანია, რომელიც ახალი აეროპორტიდან ფრენებს განახორციელებს. სხვა ავიაკომპანიები ახალი აეროპორტიდან ოპერირებას სავარაუდოდ ახალი წლის შემდეგ დაიწყებენ.

მაშ ასე, 29 ოქტომბრიდან სტამბოლის ახალი აეროპორტიდან შესრულდება ფრენები ანკარას, ანტალიის, იზმირის, ერჯანისა და ბაქოს მიმართულებით. თუმცა ეს არ იქნება Turkish Airlines-ის მიერ ათათურქის აეროპორტიდან გადამისამართებული რეისები. საუბარია დამატებითი რეისების დანიშვნაზე.

სტამბოლის ახალი აეროპორტს პირველ ეტაპზე დიდი ტერმინალი ექნება. ის წელიწადში 90 მლნ მგზავრის გატარებას შეძლებს.

სამომავლოდ აეროპორტს კიდევ 2 ტერმინალი და 3 ასაფრენ/დასაფრენი ბილიკი შეემატება, რაც აეროპორტს წელიწადში 200 მლნ მგზავრის გატარების საშუალებას მისცემს.

ტერმინალი, რომელიც მიმდინარე წელს ამოქმედდება იქნება ამ ტიპის მსოფლიოში ყველაზე დიდი შენობა და მასში განთავსდება:

რეგისტრაციისთვის განკუთვნილი 13 ლოკაცია 468 სარეგისტრაციო დახლით;

114 თვითმომსახურების ჯიხური;

51 თვითმომსახურების, ბარგის ჩასაბარებელი ჯიხური;

228 საპასპორტო საკონტროლო-გამშვები პუნქტი;

77 გასასვლელი;

Duty Free-ს ზონა რომელიც 55 ათას კვ/მ ზე იქნება გადაჭიმული;

42 კმ-იანი საბარგო სისტემა, რომელსაც საათში 28,9 ათასი ერთეული ბარგის გადამუშავება შეუძლია.

სტამბოლის მესამე აეროპორტის მშენებლობაში 11 მლრდ-მდე დოლარის ინვესტიცია ჩაიდო. მთავრობის გათვლებით  ექსპლუატაციაში გაშვებიდან 25 წლის შემდეგ აეროპორტის მოგება 22,2 მლრდ დოლარი იქნება.

სტამბოლის ახალი აეროპორტი ქალაქიდან 35 კმ-ითაა დაშორებული და სტამბოლთან მეტროთი იქნება დაკავშირებული და ის 13 გაჩერებას გააერთიანებს. მეტროს ხაზის მშენებლობის პირველი ეტაპი წელს დაიწყება, მეორე – 2021 წელს. წინასწარი გათვლებით პროექტის ბიუჯეტი 4,85 მლრდ თურქული ლირაა.

მეტროს ახალი ხაზი მგზავრს საშუალებას მისცემს აეროპორტში 30 წუთში მოხვდეს.

აღსანიშნავია, რომ თურქეთის მთავრობამ სტამბოლის ათათურქის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის დახურვის გადაწყვეტილება მას შედეგ მიიღო, რაც დაინახა, რომ აეროპორტი გაზრდილი მგზავრთნაკადის გატარებას სრულფასოვნად ვეღარ ახდენდა და ინფრასტრუქტურა უფრო მეტად გაფართოების საშუალებასაც აღარ იძლეოდა.