სტამბოლის აეროპორტმა გაფართოების მორიგი ეტაპი ახალი, ულტრალუქს კლასის VIP ტერმინალის (Jetex iGA Terminal) პრეზენტაციით აღნიშნა, რომელიც, აეროპორტის ადმინისტრაციის განცხადებით, უდიდესია მსოფლიოში ამ ტიპის ნაგებობებს შორის. 5,000 კვადრატულ მეტრზე განფენილი სამსართულიანი სივრცე მოიცავს კერძო მოსასვენებელ დარბაზებს, მაღალი კლასის რესტორანს, სიგარის ოთახს, რვა პერსონალურ ლუქს-ნომერს და გამაჯანსაღებელ ცენტრს. ტერმინალის არქიტექტურა შთაგონებულია თურქული ყვავილის, „ნაზენდეს“ ფორმებით და მასში აქცენტი ნატურალურ ქვასა და ხეზეა გაკეთებული.

ახალი ტერმინალით სარგებლობა შეუძლიათ როგორც კერძო თვითმფრინავების, ისე კომერციული რეისების მგზავრებს. მომსახურების პაკეტი მოიცავს პერსონალურ რეგისტრაციას, საბაჟო და საიმიგრაციო პროცედურების განცალკევებით გავლას და თვითმფრინავამდე მდიდრული ავტომობილით ტრანსპორტირებას. მომსახურების ფასები ჩამომსვლელი მგზავრებისთვის 1,320 ევროდან იწყება, გამფრენებისთვის — 1,560 ევროდან, ხოლო ტრანზიტული მგზავრებისთვის საფასური 1,860 ევროს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ აღნიშნულ ღირებულებაში არ შედის განთავსება ფუფუნების საგნებით აღჭურვილ ნომრებში, სადაც სტუმრებს პირადი ბატლერი ემსახურება.

ეს პროექტი სტამბოლის აეროპორტის ამბიციური სტრატეგიის ნაწილია, გახდეს ევროპის ყველაზე დატვირთული ჰაბი. 2025 წელს აეროპორტმა 84.4 მილიონ მგზავრს უმასპინძლა, რითაც ჰითროუს აეროპორტს გაუტოლდა, 2026 წლისთვის კი 90 მილიონი მგზავრის მიღებას გეგმავს. 2026 წლის მეორე ნახევარში იგეგმება მეოთხე ასაფრენი ბილიკის გახსნა, ხოლო გრძელვადიანი გეგმა მგზავრთნაკადის 200 მილიონამდე გაზრდას და ექვსი ასაფრენი ბილიკის ექსპლუატაციას ითვალისწინებს.