აეროპორტი „სტამბოლი“ ევროპის ყველაზე დატვირთულ საჰაერო ცენტრადაა აღიარებული. ის ყოველდღიურად იღებს და აგზავნის 1500-ზე მეტ რეისს, აღნიშნულია EUROCONTROL-ის სტატისტიკაში, რომელსაც თურქეთის ტრანსპორტის სამინისტრო ავრცელებს.
როგორც ირკვევა 26 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით სტამბოლის აეროპორტში ფრენების მაქსიმალურმა რაოდენობამ დღეში 1525 შეადგინა, რაც 14%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. მეორე ყველაზე დატვირთული აეროპორტია ამსტერდამის აეროპორტი, სადაც გასულ კვირაში ფრენების მაქსიმალური რაოდენობა იყო დღეში 1370, მას მოსდევს პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტი მაქსიმალური დატვირთვით, 1350 რეისით.
სტამბოლის აეროპორტი ტრადიციულად ითვლება ერთ-ერთ ყველაზე დატვირთულ აეროპორტად ევროპაში. „სტამბოლი“ 2018 წლის 29 ოქტომბერს, ათათურქის აეროპორტის დახურვის შემდეგ გაიხსნა. თურქეთის ხელისუფლების ინფორმაციით, 2025 წლისთვის, ანუ აეროპორტის მშენებლობის სრული პროექტის დასრულების შემდეგ, სტამბოლის ახალ აეროპორტს ექვსი ასაფრენი ბილიკი ექნება და ყოველწლიურად დაახლოებით 150 მილიონ მგზავრს მოემსახურება. დღეისათვის ჰაბის შესაძლებლობები იძლევა წელიწადში 120 მილიონი ადამიანის ტრანსპორტირებას.