სომხეთის ტერიტორიაზე დაწესებული კარანტინი გახანგრძლივდა 2021 წლის 11 ივლისამდე.
ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეების შესვლაზე შეზღუდვები მოიხსნა და ამიერიდან, ყველა უცხოელს აქვს შესაძლებლობა გაემგზავროს სომხეთში, საჰაერო თუ სახმელეთო გზით.
საზღვრის კვეთისას სავალდებულოა ბოლო 72 საათში ჩატარებული PCR ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა. ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელი ცნობა უნდა იყოს სომხურ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე, უნდა იყოს დაბეჭდილი სამედიცინო დაწესებულების ოფიციალურ ბლანკზე, სადაც მითითებული იქნება ამ დაწესებულების საკონტაქტო ინფორმაცია. ასევე, უნდა შეიცავდეს პირის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს, პასპორტის ნომერს, ტესტის შედეგს, ხელმძღვანელის ბეჭედსა და ხელმოწერას.
სომხეთის ტერიტორიაზე შესვლის შემდეგ, პირი დაექვემდებარება გარეგან შემოწმებას, ახალი კორონავირუსის COVID-19 სიმპტომების გამოსავლენად.
ისინი, ვინც ვერ წარადგენენ PCR ტესტის უარყოფითი პასუხის დამადასტურებელ დოკუმენტს, ტესტირებას გაივლიან საზღვარზე და გადავლენ იზოლაციაში, ტესტის პასუხის შეტყობინებამდე.
იმ შემთხვევაში, თუ პირს აღმოუჩნდება ახალი კორონავირუსის COVID-19 დამახასიათებელი სიმპტომები, მოხდება მისი ჰოსპიტალიზაცია.
ტესტირებასთან, ასევე, სომხეთის ტერიტორიაზე მკურნალობასთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს, დაფარავს თავად უცხოელი.