უკრაინულმა „ლოუკოსტერმა“ SkyUp-მა ფლოტი კიდევ ერთი თვითმფრინავით შეავსო. კიევის საერთაშორისო აეროპორტში (ჟულიანი) Boeing 737-800 უკვე დადგა, სარეგისტრაციო ნომრით UR-SQC.
თვითმფრინავი 2013 წელსაა გამოშვებული და მის ექსპლუატაციას Malaysia Airlines-ი ახდენდა. თვითმფრინავმა ყველა შესაბამისი პროცედურა წარმატებით გაიარა და დღეს SkyUp-ისათვის პირველი რეისიც განახორციელა და მგზავრები ეგვიპტის მიმართულებით გადაიყვანა. SkyUp-ის შეფერილობას და ლოგოს ბორტი სავარაუდოდ 2019 წლისთვის მიიღებს
SkyUp-ის ავიაპარკი სამი ლაინერს აერთიანებდა ამიერიდან კი მათი რაოდენობა ოთხამდე გაიზრდება. წლის ბოლომდე კომპანია ავიაპარკის შევსებას კიდევ ორი თვითმფრინავით გეგმავს.
როგორც ცნობილია, SkyUp-ი კიევიდან თბილისის გარდა ბათუმის მიმართულებითაც გეგმავს რეგულარული ავიარეისების დაწყებას. SkyUp-ის ინფორმაციით, კომპანია კიევი-ბათუმი-კიევის საჰაერო ხაზზე ოპერირებას 2019 წლის 25 მაისიდან შეუდგება, ხოლო კიევი-თბილისი-კიევის საჰაერო ხაზზე რეგულარული რეისებს ავიაკომპანია 23 დეკემბრიდან განახორციელებს.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს მიერ, ავიაკომპანია SkyUp-ს რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა 2018 წლის 12 ნოემბერს მიენიჭა.