უკრაინულმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა პირობა შეასრულა და 2019 წელი 10 საჰაერო ხომალდით დახურა. 12 დეკემბერს, ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტში, სადაც SkyUp Airlines-ია ბაზირებული, Boeing 737-900 ER დაეშვა სარეგისტრაციო ნომრით UR-SQJ. სწორედ ეს თვითმფრინავია რიგით მეათე ბორტი SkyUp Airlines-ის ავიაპარკში. საჰაერო ხომალდი 2008 წელსაა გამოშვებული და ის 215 მგზავრზეა გათვლილი.
SkyUp Airlines-ის ახალი თვითმფრინავი ადრე ავიაკომპანია Jet Airways-ის საკუთრებას წარმოადგენდა.
SkyUp Airlines-ის საკუთრებაში გადმოსვლამდე თვითმფრინავი ხელახლა შეაკეთეს და Split Scimitar ორმაგი ფრთები დაუმონტაჟეს, რამაც შეიძლება საწვავის მოხმარება შეამციროს.
2020 წლის იანვარში ავიაკომპანია გეგმავს, რომ თვითმფრინავში ბრიტანული კომპანია Acro-ს თანამედროვე სავარძლები დაამონტაჟოს. ახალ სავარძლებს თხელი და მყარი საზურგე აქვს, რის გამოც ოდნავ მეტი თავისუფალი ფართი რჩევა, რაც მგზავრის კომფორტული მგზავრობისთვის მნიშვნელოვანია.
SkyUp Airlines-ის გეგმებშია, რომ 2020 წლისთვის ავიაპარკს კიდევ 4 საჰაერო ხომალდი დაამატოს, საიდანაც 2 ადრე შეკვეთილი Boeing 737 MAX-8 იქნება.