“ლოუკოსტერი” Wizz Air-ი ახალ შვილობილ კომპანიას აფუძნებს. ავიაკომპანიამ ოფიციალურად განაცხადა, რომ არაბეთის გაერთიანებული საემიროების დედაქალაქში, აბუ დაბიში კომპანია Abu Dhabi Development Holding Company-თან (ADDH) ერთად შვილობილ ავიაკომპანიას აფუძნებს.

სავარაუდოდ, “ლოუკოსტერი” Wizz Air Abu Dhabi ოპერირებას 2020 წლის მეორე ნახევრიდან დაიწყებს და აქცენტს ცენტრალურ, აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპაში ფრენებზე გააკეთებს, ხოლო გრძელვადიან პერიოდში ინდოეთზე, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაზე.

თუმცა ვიდრე ავიაკომპანია ოპერირებას დაიწყებს, მან არაბეთის გაერთიანებული საემიროების საავიაციო ხელისუფლებისგან ექსპლუატანტის სერტიფიკატი უნდა მიიღოს.

Wizz Air Abu Dhabi-ს ავიაფლოტი მთლიანად ახალი, Airbus A321neo-ებისგან დაკომპლექტდება.

დღეისათვის Wizz Air-ი ორ შვილობილ ავიაკომპანიას Wizz Air Hungary-სა და Wizz Air UK-ს აერთიანებს, ხოლო Wizz Air Abu Dhabi მესამე შვილობილი ავიაკომპანია იქნება.