უკრაინულმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა, რომელიც საქართველოს ავიაბაზარზეც აქტიურად ოპერირებს, ავიაპარკი კიდევ ერთი თვითმფრინავით შეავსო. SkyUp Airlines-ის ავიაპარკი, დღემდე 10 საჰაერო ხომალდს აერთიანებდა და მათი 100% Boeing-ი იყო. მეთერთმეტე ლაინერი, რომელიც SkyUp Airlines-ის კორპორატიულ ფერებში უკვე დაიბრენდა Boeing 737-900ER-ია და ის 2008 წელსაა გამოშვებული. თვითმფრინავის ექსპლუატაციას ადრე ინდონეზიური Lion Air-ი (2008-2011 წლებში) და ინდური Jet Airways-ი (2012-2019 წლებში) ახდენდნენ.

უკვე SkyUp Airlines-ის კუთვნილი Boeing 737-900ER ბორისპოლის სახელობის აეროპორტში დგას და მისი სარეგისტრაციო ნომერია UR-SQK.

თვითმფრინავი 215 მგზავრზეა გათვლილი. თვითმფრინავის სალონში კი უკვე დაამონტაჟეს ბრიტანული ბრენდის Acro-ს სავარძლები.

ლაინერი, პირველ ოფიციალურ ფრენას SkyUp Airlines-ის ფრთებქვეშ 1-ელ მარტს, ეგვიპტის მიმართულებით განახორციელებს.

​2020 წლის ბოლომდე კი SkyUp Airlines–ი, არსებული გეგმის მიხედვით, ავიაპარკს კიდევ ერთი თვითმფრინავით შეავსებს.