უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ის ავიაპარკი მე-14 საჰაერო ხომალდით შეივსო. თვითმფრინავი უკვე ბორისპოლის საერთაშორისო აეროპორტშია, აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თავად ავიაკომპანია ავრცელებს.
SkyUp Airlines-ის ინფორმაციით, საშუალომაგისტრალური Boeing 737-800, რომელიც უკრაინაში ირლანდიის შენონის აეროპორტიდან გადმოფრინდა უკვე SkyUp Airlines-ის კორპორატიულ ფერებშია დაბრენდილი. საჰაერო ხომალდი Split Scimitar-ის ფრთებითაა აღჭურვილი, რაც “ლოუქოსტერს” საწვავის ეკონომიის საშუალებას მისცემს.
SkyUp Airlines-ის მე-14 საჰაერო ხომალდი 189 მგზავრზეა გათვლილი. ანალოგიური კომპლექტაციით, Boeing 737-800-ებს აქტიურად იყენებს ევროპის უმსხვილესი “ლოუქოსტერი” Ryanair-ი.
თვითმფრინავი, რომლის ექსპლუატანტიც უკვე ავიაკომპანია SkyUp Airlines-ია 2006 წელსაა გამოშვებული და წინა წლებში აღნიშნული თვითმფრინავით ავიაკომანიებუ Sunwing Airlines-ი, TUI Airlines Nederland-ი და SmartWings-ი სარგებლობდნენ.
თვითმფრინავი უკრაინის საჰაერო ხომალდების რეესტრში UR-SQP-ითაა შეყვანილი.
მაშ ასე, ამ დროისათვის SkyUp Airlines-ის ავიაპარკი 2 ერთეულ 149-ადგილიან Boeing 737-700-ს, 8 ერთეულ 189-ადგილიან Boeing 737-800-ს და 4 ერთეულ 215-ადგილიან Boeing 737-900ER-ს აერთიანებს.