უკრაინული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი, რომელიც ამჟამად უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის გამო ოპერირებას ვერ ახერხებს, 2022 წლის შემოდგომაზე ევროკავშირში საკუთარი ავიაკომპანიის დაფუძნებას გეგმავს.
ავიაკომპანია პირველ ეტაპზე ევროპული ტუროპერატორებისთვის ჩარტერულ რეისებს განახორციელებს.
ცნობილია, რომ პირველი ფრენები ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან, მოლდოვადან, რუმინეთიდან, პოლონეთიდან, ჩეხეთიდან, სლოვაკეთიდან დაიწყება. ასევე შესაძლებელია ფრენები გერმანიიდან და ავსტრიიდან. მარშრუტების უმეტესი ნაწილი იქნება ტრადიციული ტურისტული მიმართულებები, როგორიცაა თურქეთი და ეგვიპტე, ისევე როგორც ეგზოტიკური მიმართულებები, როგორიცაა ტანზანია.
“რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მოცულობის ფრენები განხორციელდება ჩვენი კომპანიების ჯგუფისთვის – ტუროპერატორი Join Up Baltics, Join UP Romania და Join UP Poland”, – განმარტა SkyUp Airlines-ის კომერციულმა დირექტორმა ლუდმილა სლობოდიანიუკმა.
გარდა ამისა, 2023 წლის მარტის ბოლოდან SkyUp Airlines-ს სურს რეგულარული ფრენების დაწყება ევროკავშირის ქვეყნებიდან.
სლობოდიანიუკის თქმით, 2022 წლის ნოემბერ-დეკემბერში იგეგმება SkyUp Airlines-ის ევროპულ რეისებზე ბილეთების გაყიდვის დაწყება. 2023 წლის ახალი ტურისტული სეზონის დასაწყისისთვის კომპანიის მფლობელებს სურთ თვითმფრინავების რაოდენობა 19-მდე გაზარდონ.
ასევე უკვე ცნობილია, რომ ახალი გადამზიდავი, რომლის სახელი ჯერჯერობით უცნობია, დარეგისტრირდება მალტაში. ეს აიხსნება ფაქტორების ერთობლიობით: ახალი ავიაკომპანიის რეგისტრაციის სიმარტივიდან და სისწრაფიდან, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით ეფექტურ საგადასახადო კანონმდებლობამდე. მალტაში ავიაბიზნესის დასაწყებად გჭირდებათ მინიმუმ ორი თვითმფრინავი და 5 მილიონ ევრომდე ინვესტიცია (აუცილებელი ნებართვების მისაღებად, ტექნიკური საკითხების გადასაჭრელად და პირველი ფრენების ღირებულების მისაღებად).