COVID-19-ის პანდემიის გამო დაწესებული კარანტინისა და რეგულარული ფრენების შეზღუდვის შედეგად უკრაინულმა ავიაკომპანია SkyUp Airlines-მა 30 მლნ დოლარის მოცულობის ზარალი მიიღო. კრიზისის დასაძლევად კი ავიაკომპანიას სახელმწიფოსგან კრედიტის მიღების იმედი აქვს. 

“წინასწარი შეფასებით, ავიაკომპანიამ გასული ექვსი თვის განმავლობაში დაახლოებით 30 მილიონი აშშ დოლარი პირდაპირი ზარალით განიცადა. ამჟამად კი ვაგრძელებთ კომუნიკაციას ხელისუფლებასთან და ველოდებით სესხის მიღებას პროგრამის – “ხელმისაწვდომი კრედიტები 5-7-9%” – ფარგლებში”, განმარტავენ SkyUp Airlines-ში. 

ავიაკომპანიაში აცხადებენ, რომ თანამედროვე პირობებში ისეთი საერთაშორისო ფრენების განხორციელება, რომელიც ოპერაციული ზარალის გარეშე ჩაივლის, შეუძლებელია. 

როგორც ცნობილია, ივნისში SkyUp Airlines-მა საავიაციო ინდუსტრიის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, წერილით მიმართა ხელისუფლებას საავიაციო ინდუსტრიისათვის სახელმწიფო დახმარების გაწევის შესახებ.

უკრაინის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წლის 1-ელი თებერვლიდან, ქვეყანაში ბიზნესის დახმარების პროგრამის  “ხელმისაწვდომი კრედიტები 5-7-9%”-ის განხორციელება  დაიწყო და სესხის პროცენტი 5-7-9%-ი დამოკიდებულია კომპანიის სიდიდეზე და ოპერირების ხანგრძლივობაზე.