საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ოპონენტების მხრიდან გავრცელებულ სპეკულაციებს გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც საქართველომ გააუქმა ყველანაირი ფრენა და არანაირი კავშირი ევროკავშირთან არ არის.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ევროკავშირის მიმართულებით ივლისში 14 ფრენაა დანიშნული, კერძოდ, ვენის, ამსტერდამის და ბერლინის მიმართულებით, რასაც აქტიურად იყენებენ ჩვენი მოქალაქეები.

„საქართველო არავითარ შემთხვევაში არ არის მოწყვეტილი ევროპის სივრცისგან. საკოორიდნაციო საბჭოს ჩართულობით, პანდემიის ყველაზე მწვავე პერიოდში სახელმწიფომ განახორციელა 74 სპეცრეისი და სამშობლოში დაბრუნდა 14 ათასამდე საქართველოს მოქალაქე. ასევე, ადგილზე 22 ათასზე მეტ ჩვენს მოქალაქეს გავუწიეთ დახმარება. ეს დახმარების პროცესი დღესაც გრძელდება. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება იმის თქმა, რომ კავშირი არის სრულად გაწყვეტილი. ეს გადაწყვეტილება იყო სრულ თანხვედრაში ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, არანაირი დამაზიანებელი ეფექტი ევროკავშირის მომავალ გადაწყვეტილებაზე – გახსნას სივრცე საქართველოსთვის, ამას არ ექნება. ჩვენ არ მივიღებდით ისეთ გადაწყვეტილებას, რომ არ ყოფილიყო შეთანხმებული ევროკავშირთან. ვერ დავასწრებთ ევროკავშირს ამიტომ ველოდებით გადაწყვეტილებას, რომელიც დღეს ან ხვალ ოფიციალურად უნდა გამოცხადდეს. შესაბამისად, უკვე ჩვენი მხრიდან სხვა ფრენებზე დამატებით იქნება მიღებული გადაწყვეტილება და ამ მიმართულებითაც ვმუშაობთ სხვა ავიაკომპანიებთან. ეს იქნება სრულ თანხვედრაში იმ მოთხოვნებთან და კრიტერიუმებთან, რაც იქნება ევროკავშირის მხრიდან“– განაცხადა დავით ზალკალიანმა.